საზოგადოება

როგორ ასრულებს საქართველო რეკომენდაციებს? – NGO-ებმა ბოლო სტატუსმეტრი წარადგინეს

15 სექტემბერი, 2023 • 1099
როგორ ასრულებს საქართველო რეკომენდაციებს? – NGO-ებმა ბოლო სტატუსმეტრი წარადგინეს

„ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა წარადგინეს რიგით მეექვსე, ბოლო სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს ევროკომისიის 12 პირობის შესრულებას.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბოლო შეფასებით, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობიდან:

სრულად შესრულებულია:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება.

მეტწილად შესრულდა:

  • გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა;
  • დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.

ნაწილობრივ შესრულდა:

  • საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები;
  • დამოუკიდებელი სასამართლო;
  • ანტიკორუფციული ზომები;
  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • მედია;
  • მოწყვლადი ჯგუფები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

კვლავ შესასრულებელია:

  • დეპოლარიზაცია;
  • დეოლიგარქიზაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლო შეფასებით, შესრულებული და შესასრულებელი რეკომენდაციები რაოდენობრივად იგივეა, რაც 1 აგვისტოს გამოქვეყნებული რიგით მე-5 შეფასებაში. თუმცა, წინა შეფასებისგან განსხვავებით, მეტწილად შესრულებულიდან ნაწილობრივ შესრულებულში გადაინაცვლა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ნაწილმა, ხოლო დამოუკიდებელი სახალხო დამცველის პირობის შეფასებამ ნაწილობრივიდან მეტწილად შესრულებულში გადაინაცვლა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) წარმომადგენელი თამარ ხიდაშელი ორგანიზებული დანაშაულის რეკომენდაციის შეფასების გაუარესებას იმ პრობლემებით ხსნის, რომელიც ძალოვან უწყებებზე და განსაკუთრებით სუს-ზე პარლამენტის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით არსებობს. მაგალითებს შორის ხიდაშელმა დაასახელა, რომ უწყებები არასრულად პასუხობენ დეპუტების კითხვებს; ოპოზიციის მიერ დაბარების მიუხედავად, თავდაცვის და შს მინისტრები კომიტეტის სხდომაზე რეგლამენტის დარღვევით არ გამოცხადნენ; თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ოპოზიციიდან  არ ატყობინებენ ვიზიტების შესახებ.

“საფარის” დირექტორის ბაია პატარაიას თქმით, ომბუდსმენის შესახებ რეკომენდაციის გაუმჯობესებული შეფასება განპირობებულია ერთი კონკრეტული გარემოებით – ლევან იოსელიანმა შეინარჩუნა ძალიან კარგი გუნდი და სახალხო დამცველის აპარატიდან კადრები გადინება მინიმალურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი