საზოგადოება

ხანძარმა საქართველოს ტყეების 15 ჰექტარი მოიცვა

4 აგვისტო, 2010 •
ხანძარმა საქართველოს ტყეების 15 ჰექტარი მოიცვა

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 3 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა ტყეების მასივის 15 ჰექტარი მოიცვა.

უკვე ოთხი დღეა ბორჯომისა და აბასთუმნის ტყეები იწვის. ამჟამად ადგილზე გარემოს დაცვის ინსპექციის, სატყეო სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები მუშაობენ.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის დიდი კერები ლოკალიზებულია, რჩება მხოლოდ მცირე კერები.  ადგილზეა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ვერტმფრენიც.

გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გუშინ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ხანძრის გაჩენა ხშირად მოსახლეობის დაუდევრობის გამო ხდება. მან ასევე ისაუბრა იმ ზარალზე, რომელიც ხანძარმა მიაყენა ბიუჯეტს.

”ჩვენმა ერთმა დაუდევრობამ შეიძლება დააზიანოს როგორც გარემო, ასევე, შეიძლება ბიუჯეტის ზარალი რამდენიმე მილიონი ლარით გამოიწვიოს,“ – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.


მასალების გადაბეჭდვის წესი