პარტიები “გირჩი — მეტი თავისუფლება” და “დროა” საარჩევნოდ ერთიანდებიან და საიმიჯო ვიდეოსაც აქვეყნებენ.
ვიდეოს დასაწყისში პარტიების ლიდერები — ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია — ჩანან, რომელთაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დივანი მიაქვთ. მოგვიანებით მათ თანაგუნდელებიც უერთდებიან.
ერთობლივი ვიდეო მოიცავს კადრებს სხვადასხვა საპროტესტო აქციიდან, რომლებშიც “გირჩი — მეტი თავისუფლებისა” და “დროას” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საიმიჯო ვიდეოს გზავნილია “გირჩი და დროა — ნორმალური არჩევანი”
“ჩვენ გვაერთიანებს:
- ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან;
- მომავლის მკაფიო ხედვა;
- მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით.
ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის”, — აღნიშნავენ პარტიები.