საზოგადოება

ქუთაისში, მუნიციპალური შენობების წინ EU-ს დროშები ჩამოხსნილია – ენმ

3 აგვისტო, 2023 • 1050
ქუთაისში, მუნიციპალური შენობების წინ EU-ს დროშები ჩამოხსნილია – ენმ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ ცამციშვილი აცხადებს, რომ ქუთაისში, მუნიციპალიტეტის შენობების წინ ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილია.

როგორც თემურ ცამციშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ადრე მუნიციპალიტეტის შენობების წინ ევროკავშირის დროშები ეკიდა და ამას მოწმობს ის, რომ დროშების სადგარები აღნიშნული შენობების წინ დღესაცაა.

მისი თქმით, ზუსტად არ იცის, რამდენი ხანია, რაც ევროკავშირის დროშები ჩამოხსნეს.

„მერიის ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული შენობების წინ ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილია. სულ 10 ასეთი შენობაა, გუშინ 6 შენობა გადავიღე და არცერთის წინ არ არის ევროკავშირის დროშა, მხოლოდ საქართველოს დროშები კიდია. ამ შენობების წინ დროშების სადგარებიცაა, 3-3 სადგარი დგას ყველგან და ადრე ნამდვილად იყო ევროკავშირის დროშები. დღეს სიმბოლურად ევროკავშირის დროშა მივიტანე ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მაგრამ არ დაიტოვეს.

ქალაქის მერს შევახსნებ არასამთავრობო სექტორში მისი მუშაობის 25-წლიან გამოცდილებას, როდესაც ევროკავშირი უამრავ პროექტს უფინანსებდა. თუ ეს დაავიწყდა, ასევე შევახსენებ, რომ ბოლო 2 წელში, მას შემდეგ, რაც მერი გახდა, ევროკავშირმა ქუთაისში 27 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე“, – განუცხადა ნეტგაზეთს თემურ ცამციშვილმა.

როგორც ნეტგაზეთს ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული შენობების წინ ევროკავშირის დროშა აღმართული არადროს ყოფილა და, შესაბამისად, არც არავის ჩამოუხსნია.

„ევროკავშირის დროშა არასდროს არ ყოფილა [ადმინისტრაციული შენობების წინ] და ვერც დაადასტურებენ ამას ვერანაირი ფოტომასალით, რომ ოდესმე იყო“, – განუცხადეს ნეტგაზეთს ქუთაისის მერიაში.

რაც შეეხება იმას, რომ აღნიშნული შენობების წინ დროშის რამდენიმე სადგარია, მათ შესახებ ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ეს სადგარები არა ევროკავშირის დროშისთვის, არამედ სხვადასხვა ღონისძიებისა და სტუმრის მიღების დროს გამოიყენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი