საზოგადოება

ვენის ფორუმი-უფლებები აქ და ახლა

22 ივლისი, 2010 • 1491
ვენის ფორუმი-უფლებები აქ და ახლა

მე-18 საერთაშორისო პრესკონფერენცია შიდსით ინფიცირებულთა პრობლემების შესახებ წელს  ავსტრიაში, ვენაში, მიმდინარეობს. კონფერენცია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და  მასზე მრავალი საკითხი განიხილება,   თუმცა  ფორუმის, რომელიც 18-23 ივლისის ჩათვლით იმართება, მთავარი თემა მაინც ადამიანის უფლებებია.   “უფლებები აქ და ახლა” (Rights here, right now) – წელს სწორედ ეს სიტყვები ისმის ფორუმზე, რომლებმაც ქუჩაშიც გადაინაცვლა.

ვენის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, პლაკატებით და ტრანსპარანტებით. მათ შორის იყვნენ ფორუმში მონაწილე დელეგატებიც. აქციაში მონაწილეებს სპეციალური მაისურები ეცვათ, წარწერით –“HIV POSITIVE”.  გუშინ აქციას მომღერალი ენი ლენოქსიც შეუერთდა, რომელმაც სპეციალურად ამ დღისთვის კონცერტი გამართა.

28 წლის მანძილზე, რაც მეცნიერებმა ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი– შიდსი– პირველად აღმოაჩინეს, დაავადება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ეპიდემიად იქცა. შიდსით უკვე 28 მილიონი ადამიანი დაიღუპა.  დღეს კი ინფიცირებულთა რიცხვი 33 მილიონზე მეტია. მსოფლიოში ამ ვირუსით ყოველდღიურად 7500 ადამიანი ინფიცირდება.

მთავარი მოვლენა 

კაპრისა004– ეს სწორედ ის მალამოა (გელი), რომლის შექმნისთვისაც ფინანსები არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიღო. ვაგინალური გელის ტესტირების შედეგები საერთაშორისო ფორუმზე წარადგინეს.  მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ შეიქმნა ვაგინალური გელი, რომელიც სექსუალური კონტაქტის დროს  ქალს შიდსის ვირუსით დაინფიცირებისაგან დაიცავს.  კვლევების შედეგად (900-მდე ქალმა მიიღო მასში მონაწილეობა) დადგინდა, რომ სექსუალური კონტაქტიდან 12 საათის მანძილზე ან კონტაქტამდე 12 საათით ადრე, გელის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ქალებში დაინფიცირების რისკს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, მარგარეტ ჩანი: “ჩვენ მივესალმებით კაპრისას შედეგებს. მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ეს მეთოდი უსაფრთხო და ეფექტურია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორები დააჩქარებენ პროდუქტის მიღებას”.

შიდსი და ბავშვები 

ფორუმის ერთ-ერთი თემა იყო– შიდსის ვირუსით ინფიცირებული ბავშვები და ოჯახის როლი მათ ცხოვრებაში. გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფერენციაზე აფრიკულ ქვეყნებში  ახალგაზრდებში სექსუალურ საკითხებზე ცოდნის გაღრმავების აუცილებლობის შეახებ დააყენა საკითხი. UNAIDS დირექტორმა კი სხვებსაც მოუწოდა, ჩართულიყვნენ პროგრამაში “გზა ნულისკენ”, რომლის მიზანია ბავშვებში დაავადების შემცირება და მისი ნულამდე დაყვანა 2015 წლამდე, მსოფლიოს იმ ათ ქვეყანაში, სადაც ყველაზე ხშირია შიდსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა.

სტიგმა და დისკრიმინაცია 

80 ქვეყნიდან ფორუმში დაახლოებით 500 დელეგატი იღებდა მონაწილეობას, სადაც სექსუალური უმცირესობების უფლებებზე საუბრობდნენ. მთავარი მესიჯი კი საზოგადოებისთვის ჰომოფობიის დაგმობა და სექსუალური უმცირესობების (მათ შორის შიდსით ინფიცირებულთა) უფლებების დაცვა და პატივისცემა იყო.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ კვლევაში, რომლის მიზანი ქვეყნების მიხედვით სექსუალურ უმცირესობებში ( MSM მამაკაცებში)  შიდსით ინფიცირების სტატისტიკის დადგენა იყო,  ნათქვამია, რომ ტაილანდი ამ მხრივ ყველაზე რთულ მდგომარეობაშია.  2010 წლის კვლევების საფუძველზე, აქ შიდსის გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი ჰომოსექსუალ მამაკაცთა შორის 23 %–ია, მეორე ადგილზე  მელავის რესპუბლიკაა (აფრიკა), ხოლო პერუ 13-ზე მეტი პროცენტით სამეულს ასრულებს. ამ და სხვა ქვეყნებში სტიგმა და დისკრიმინაცია შიდსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელეს.

საქართველო 

ვენის პრესკონფერენციას საქართველოს წარმომადგენლებიც ესწრებიან. შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და ასევე ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი ახლა ვენაში იმყოფებიან. როგორც შიდსის ცენტრში ამბობენ, ქართული წარმომადგენლობა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვა. თუმცა თემები და დეტალები დელეგაციის ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

შიდსის გავრცელების მხრივ, საქართველო განსაკუთრებით საშიში ზონაში არ იმყოფება, თუმცა სტატისტიკა მზარდია და ყოველწლიურად მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი.  ივლისის მონაცემებით, 2010 წელს გამოვლინდა 209 ახალი შემთხვევა (მაშინ როცა მაისის თვეში 128 ადამიანი იყო). სულ შიდსის ვირუსით ინფიცირების 2445 შემთხვევაა. მათგან გარდაიცვალა 522 ადამიანი, შიდსის ვირუსი კი განუვითარდა 1348 პაციენტს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი