საზოგადოება

გვარამია არახამიაზე, ენმ-ში დაპირისპირებასა და პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე

19 ივლისი, 2023 • 2220
გვარამია არახამიაზე, ენმ-ში დაპირისპირებასა და პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა „ტვ პირველის“ ეთერში არ გამორიცხა, რომ შეიძლება პოლიტიკური მოღვაწოება დაიწყოს. მან აგრეთვე ისაუბრა დავით არახამიასა და საქართველოს პოლიტიკაში მისი მონაწილეობის პერსპექტივაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსა და სხვა საკითხებზე.

ვიხილავთ თუ არა გვარამიას პოლიტიკაში?

იგი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკურ არენაზე გავიდეს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ამ გადაწყვეტილებას ოჯახის გარეშე არ მიიღებს. გვარამია პირობას დებს, რომ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას „ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში“, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, რა ფორმით გააკეთებს ამას:

2024 წელს ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერ შემთხვევაში. ციხეში რომ ვყოფილიყავი, მაინც ვეცდებოდი, რომ ეს გამეკეთებინა, გარეთ, მით უმეტეს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით, გადაწყვეტილება არ მიმიღია. ახლოსაც არ ვარ. მჭირდება დრო, მინდა იყოს გაცნობიერებული – ეს ჩემი ოჯახის ცხოვრებაში იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. […] გამორიცხვით თავისთავად ცხადია, არ გამოვრიცხავ [პოლიტიკაში მოსვლას]“, – განაცხადა მან.

გვარამიას, – რომელიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს, – ისიც ჰკითხეს, პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში იქნება თუ არა ამ პარტიაში, რაზეც უპასუხა, რომ მზად არაა ამ კითხვაზე საპასუხოდ და აინტერესებს ისინი, ვინც „აღიარებს ახლებურ მიდგომებს“. იგი ხაზს უსვამს, რომ „სხვისი ნაკარნახევი თამაშის წესებით“ არ აპირებს თამაშს.

„მაინტერესებს ხალხი, ვინც აღიარებს ახლებურ მიდგომებს, აქვს ცვლილების ახლებური გააზრება. შეიძლება იყოს უყვე არსებული ძალა. თუ პოლიტიკაში წავალ, შეიძლება არ იყოს არანაირი არსებული ძალა. არ ვიცი. პირველადი საფიქრელია, როგორ ჯობია მოვიქცე. ვფიქრობ არა მარტო პოლიტიკურ პარტიაზე ან მედიაზე, არის შუალედური პლატფორმებიც, რომლებიც ჩემთვის საინტერესოა.

მზად არ ვარ, რომ სხვისი ნაკარნახევი თამაშის წესებით ვითამაშო – ეს არ ეხება ამ შემთხვევაში ენმ-ს ან ვინმეს კონკრეტულად. არსებული და მზა რეცეპტებით სიარული ჩემთვის საინტერესო არ არის, მიუღებელია“, – ამბობს იგი.

გვარამიას თქმითვე, ოპოზიციურ სპექტრს ესაჭიროება ახალი სისხლი, თუმცა თავად ამ ახალ სისხლს არ წარმოადგენს – „ჩემი წარსული მაქვს, ხშირ შემთხვევაში, რთული“.

დავით არახამია

გვარამიას ინგა გრიგოლიამ ისიც ჰკითხა, ხომ არ აპირებს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას დავით არახამია, ამჟამად უკრაინაში მმართველი ფრაქციის, „სლუგა ნაროდუს“ ხელმძღვანელი. გვარამიას თქმით, ეს თავად არახამიამ უნდა გადაწყვიტოს. თუმცა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ ყველა ქართველს აქვს უფლება ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის.

„[არახამია] ჩემთვის საინტერესო და სულიერად ახლობელი ადამიანი იყო… თანამშრომლობას რაც შეეხება, ჩემი ამოცანაა, ნებისმიერ ფორმატზე, ჩვენი ქვეყნის რეალობაში ახალი სახეების ჩაბმა, მათ შორის უკრაინული პოლიტიკური ლანდშაფტიდან. ჩაბმა, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივრების. რაც შეეხება იმას, მოვა თუ არა პოლიტიკაში [არახამია], ყველა ქართველს აქვს უფლება საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების. მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს“, – ამბობს იგი.

პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში“

ენმ-ში განვითარებულ პროცესებს, როცა არჩევნების შემდეგ მხარეებს შორის კონფლიქტი მოჰყვა, გვარამია პარტიისთვის სასარგებლოდ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მოვლენების განვითარებას დაელოდება და ასე გადაყწვეტს, მისცეს თუ არა „ენმ“-ს ხმა.

„გულწრფელად გეტყვით, [თავმჯდომარის არჩევნებზე და დაკავშირებულ პროცესებზე] კომენტარის გაკეთება რომ მდომოდა, ციხიდანაც გავაკეთებდი. რასაც ამ თვეების განმავლობაში ვუყურეთ, არა მგონია, რამე თვალსაზრისით სასარგებლო ყოფილიყო პარტიისთვის. იყო ძალიან უსიამოვნო აღსაქმელად. როგორც ამ პარტიის ამომრჩეველმა, ძალიან ფილოსოფიურად შევხედე.

დაველოდები მოვლენების განვითარებას და გადავწყვეტ, მივცე თუ არა ხმა [ენმ-ს]. კვლავ ვაძლევ თუ არა ხმას [ენმ-ს], არ გაგცემთ პასუხს. პარტიამ, ყველამ ერთად, აირჩია განვითარების გზა. მომწონს თუ არ მომწონს, პატივს ვცემ, მათი გადასაწყვეტი იყო. ვინ აირჩიეს, ვინ გადაირჩიეს, ვინ მართავს, ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო არ არის“, – განაცხადა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი