საზოგადოება

აფეთქება ყირიმის ხიდზე: რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს

17 ივლისი, 2023 • 1873
აფეთქება ყირიმის ხიდზე: რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს

17 ივლისს, გამთენიისას, აფეთქება მოხდა ხიდზე, რომელიც რუსეთსა და მის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს ერთმანეთთან აკავშირებს. მოსკოვში უკრაინისკენ იშვერენ ხელს, კიევში კი მოსკოვის შესაძლო პროვოკაციაზე საუბრობენ.

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის თანახმად, ხიდს ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია. რუსეთის ოფიციალურ პირთა ცნობით, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის საგამოძოებო კომიტეტში უკრაინის სპეცსამსახურების ბრალეულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დაზიანებულია ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი. ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად ხიდის საყრდენი ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

სოციალურ მედიაში მომხდარის შედეგების ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეო ვრცელდება.

რუსულ სოციალურ ქსელში “ვკონტაქტე” მოქმედ ჯგუფებში და ომის მხარდამჭერ ბლოგერთა წრეებში წერენ, რომ მოხდა ორი აფეთქება.

ადგილობრივი დროით 04:21 საათზე რუსეთის მიერ ყირიმში დანიშნულმა დე ფაქტო მმართველმა, სერგეი აკსიანოვმა დაწერა, რომ ხიდზე შეწყდებოდა სამანქანო მოძრაობა  იქ მომხდარი “საგანგებო შემთხვევის” გამო.

რუსეთის ბელგოროდის მუნიციპალიტეტის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, დაიღუპა ორი ადამიანი. ტელეგრამის არხი “მაშ” იუწყება, რომ დაღუპულების შვილი, 14 წლის გოგო, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

ყირიმის დე ფაქტო ოფიციალური პირის ბრალდების საპასუხოდ, უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობის სპიკერი ნატალია ჰუმენიუკი მოსკოვის მხრიდან შესაძლო პროვოკაციაზე საუბრობს.

„ასეთი პროვოკაციების მოწყობა, რომლის შესახებ [ცნობებსაც] ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება მაშინვე ძალიან ხმამაღლა ავრცელებს, არის ყირიმის ხელისუფლებისა და აგრესორი ქვეყნის მიერ პრობლემების გადაჭრის ტიპური გზა”, — განუცხადა ჰუმენიუკმა უკრაინულ მედიას

ყირიმის ხიდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტერიაა უკრაინაში მყოფი რუსული ჯარების მომარაგებისთვის. ის 2018 წელს გახსნეს — რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან 4 წლის შემდეგ.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს არის ხიდზე მომხდარი მეორე მსხვილი ინციდენტი. პირველი ინციდენტი — დიდი აფეთქება — იქ მოხდა 2022 წლის ოქტომბერში, რის შემდეგაც ხიდი სანახევროდ ჩაკეტეს და მხოლოდ თებერვალში გახსნეს სრულად.

მასალების გადაბეჭდვის წესი