საზოგადოება

გაუფრთხილდით წითელ ფერს

20 ივლისი, 2010 • 1334
გაუფრთხილდით წითელ ფერს

აქცია ირანის საელჩოსთან
აქცია ირანის საელჩოსთან

საქართველოს ოცამდე მოქალაქემ ირანელი ქალების მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან აქცია მოაწყო. „აქციის პროვოცირება 43 წლის საქინე მოჰამადი აშთიანის გახმაურებულმა ამბავმა გამოიწვია, რომლის ჩამოხრჩობას ირანში, როგორც ცნობილია, ხვალ გეგმავენ“, –ამბობს აქციის თანაორგანიზატორი, ირანისტი თინათინ ჯაფარიძე. 

აქციის მონაწილეებმა ირანელი ქალების მხარდასაჭერი ოცი სლოგანი ქართულ, ინგლისურ და სპარსულ ენებზე  ირანის საელჩოსთან გამოიტანეს. აქციას მათ უჩვეულო ფორმა მისცეს – პროტესტი თავსაბურავებით, თავზე დამაგრებული სათვალითა და წითელი ფერის ფრჩხილის ლაქის გამოყენებით გამოხატეს.

„ასეთი ფორმა იმიტომ ავირჩიეთ, რომ თუკი ირანში თავზე სათვალეს გაიკეთებ და ასეთი ფერის ლაქი გესმევა, დაგაჯარიმებენ. თავსაბურავები კი ბოლოს დავწვით და იქვე, ურნებში ჩავყარეთ“, – ამბობს თინათინ ჯაფარიძე.

ჯარიმები ირანში მიმდინარე წლის დასაწყისში შემოიღეს – თავზე გაკეთებული სათვალის პატრონი ირანში 18 000 თუმანით, ანუ 15 ამერიკული დოლარით ჯარიმდება; ჯარიმაა დაწესებული ასევე თმის ღია ფრად შეღებვაზეც. ის 50-დან 150 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს, რაც თმის სიღიავეზეა დამოკიდებული. მკვეთრი ფერის ლაქით დაფარული მხოლოდ ერთი ფრჩხილისთვის კი, მოქალაქემ ხუთი დოლარი უნდა გადაიხადოს.  

ირანისტის, თინათინ ჯაფარიძის თქმით, ირანის მთავრობა ასეთი მეთოდებით ცდილობს რეჟიმის გამყარებას.

“Amnesty International” -ის მონაცემებით, ირანში, 2009 წლის განმავლობაში, 388 ადამიანი დასაჯეს, მათ შორის პოლიტმაპტიმრები, ქურთი დისიდენტები, ქალები და ჰომოსექსუალები. „მიუხედავდ იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მოწოდებებით გამოდიან და ირანს 1975 წლიდან რატიფიცირებული აქვს „საერთაშორისო სტატუტი სამოქალქო და პოლიტიკურ უფლებებზე”, სიკვიდლით დასჯა ირანს ვერავინ აუკრძალა“.

ჩვენი აქცია მხოლოდ  სიკვდილმისჯილი ქალების მხარდასაჭერად არ გამართულა. ყველა ირანელი ქალის უფლებები შეზღუდულია და ჩვენ ამასაც ვაპროტესტებთ“, – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე, ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ პროგრამების კოორდინატორი, მარიამ გაგოშაშვილი.

„ის, ვისაც ოდნავ დიდხანს მოუწია საბჭოთა რეჟიმის პერიოდში ცხოვრება, ემახსოვრება ამგვარი აკრძალვები. იკრძალებოდა ყველაფერი, რაც დასავლეთთან ასოცირდებოდა. გრძელი თმიდან დაწყებული ჯინსების ტარებით დამთავრებული. მაგალითად,  ადრეულ 70 –იან წლებში ორი ლენინგრადელი ბიჭი დახვრიტეს, სამშობლოს ღალატის მუხლით, იმის გამო, რომ ჯინსებს ყიდდნენ“, –ამბობს ირანელი ქალების მხარდასაჭერად გამართული აქციის თანაორგანიზატორი, ეკა აღდგომელაშვილი.

აქცია, რომლის პროვოცირება 43 წლის საქინე მოჰამადი აშთიანის დასჯის ამბავმა გამოიწვია, საქართველოს გარდა მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში გაიმართა. თუმცა ირანის ისლამური სახელმწიფო მხოლოდ ერთ დათმობაზე წავიდა – ქვებით ჩაქოლვა აშთიანის ჩამოხრჩობით შეუცვალა.

43 წლის საქინე აშთიანი ირანის ჩრდილო–აღმოსავლეთ რეგიონიდან, ირანის აზერბაიჯანიდანაა (ასე ჰქვია რეგიონს). საინფორმაციო წყაროების მიხედვით, მან სპარსული ენა კარგად არც იცის. პირველად აშთიანი ქმრის ღალატის მუხლით დააპატიმრეს. როგორც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით ირკვევა, დანაშაული მან ზეწოლის ქვეშ აღიარა. პირველი დაპატიმრების შედეგ 99 როზგი მიუსაჯეს. საასჯელის მოხდის შემდეგ მისი მეუღლე მოკლეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მკვლელობის საქმეში აშთიანის საყვარელი ფიგურირებდა. აშთიანი მეორედ დააპატიმრეს და 2006 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ის სიკვდილით დასჯას ელოდება.

ორი წლის განამვლობაში საქინე აშთიანმა ორჯერ ითხოვა შეწყალება, თუმცა თხოვნა არ დააკმაყოფილეს. მისმა შვილებმა, დედის გადარჩენის თხოვნით, ყველა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართეს.  

შარიათის კანონი ცოლ–ქმრული ღალატისათვის დასჯის სხვადასხვა ფორმას იყენებს. ერთ–ერთია ქვებით ჩაქოლვა:  დამნაშავეს წელამდე მიწაში მარხავენ და ქვებით ქოლავენ. ქვები განსაზღვრული სიდიდის უნდა იყოს – არც იმდენად დიდი, რომ მსხვერპლი სწრაფად მოკვდეს და არც იმდენად პატარა, რომ ტანჯვა გაუხანგრძლივდეს. ჩაქოლვა საშუალოდ  20 წუთს გრძლედება. Amnesty International–ის სტატისტიკის მიხედვით, ირანში 2002 წლიდან 2008 წლამდე ცხრა  ქალი და ორი მამაკაცი სწორედ ასეთი წესით დასაჯეს.

ამჟამად, სივდილით დასჯის რაოდენობით, ირანი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. მხოლოდ 2010 წელს ქვეყანაში სიკვდილით 126 ადამიანი დასაჯეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი