საზოგადოება

საჯარო დისკუსია დევნილთა პრობლემების შესახებ

16 ივლისი, 2010 • 1318
საჯარო დისკუსია დევნილთა პრობლემების შესახებ

გორის საინფორმაციო ცენტრში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით , დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში 40–ზე მეტმა დევნილმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც რეგიონის დევნილთა დასახლებებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. დისკუსიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალერიან კოპალეიშვილიც უნდა დასწრებოდა, მაგრამ იგი გორში არ ჩამოსულა, რამაც დევნილთა აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით, უამრავი პრობლემაა დაგროვილი , რომელთა გადაჭრის გზებზე სამინისტროს წარმომადგენელს უნდა ესაუბრა. 

დევნილთა შეკითხვებს სამი საათის განმავლობაში კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე პაატა ზაქარეიშვილი პასუხობდა.  მისი აზრით, მთავარი პრობლემა ხელისუფლების გაუმჭვირვალობაა. დევნილებს არა აქვთ ინფორმაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფინანსები რაში და როგორ იხარჯება. ზაქარეიშვილის აზრით, ასეთი სახის შეხვედრები, სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ,  დევნილთა ინფორმირებულობის  ამაღლებას ემსახურება.   მისი თქმით, ბოლო დრომდე სამინისტროს წარმომადგენლის ჩამოსვლა გორში გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მისთვის უცნობი მიზეზის გამო  ეს არ მოხდა. 

შეხვედრაზე დევნილებმა მთავარ პრობლემად დაუსაქმებლობა  დაასახელეს. მათი აზრით, როგორც არასამთავრობო სექტორმა, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებმა ძალისხმევა იძულებით გადაადგილებულ პირთა გადამზადებასა და მათთვის ახალი პროფესიების შესწავლას უნდა დაუთმონ, რაც უმუშევრობის დაძლევის ერთ–ერთი გზა იქნება. გარდა ამისა, დევნილები ხელისუფლებას ყოფითი პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით დევნილებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი