საზოგადოება

სამეურვეო საბჭოს სხდომა მე-14 სკოლაში

14 ივლისი, 2010 • • 1836
სამეურვეო საბჭოს სხდომა მე-14 სკოლაში

მე–14 სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელსაც სკოლის დირექტორ ზვიად მიმინოშვილის გადაყენების საკითხი უნდა განეხილა, გაურკვეველი დროით  გადაიდო. საბჭოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია.

სამეურვეო საბჭოს სხდომა 12 საათზე დაიწყო და 5 საათამდე გაგრძელდა. 3 საათზე საბჭოს წევრებმა შესვენება გამოაცხადეს. ამ დროს სკოლაში გლდანი–ნაძალადევის რაიონის რესურსცენტრის უფროსი რუსუდან ჩხეტია და ნინო ჭანკვეტაძე მივიდნენ.

ადგილზე მისული ჟურნალისტები სკოლაში არ შეუშვეს. ჟურნალისტების მცდელობამ, გადაეღო საბჭოს საჯარო სხდომის მიმდინარეობა, მასწავლებლების გაღიზიანება გამოიწვია. სკოლაში დაცვის პოლიცია გამოიძახეს.

პოლიცია შეეცადა ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლას, თუმცა მალევე დატოვა სკოლის ტერიტორია.

სხდომის დამთავრების შემდეგ მასწავლებლებმა მეორე კარიდან დატოვეს სკოლის შენობა. ისინი განცხადებას არ აკეთებდნენ.

მე-14 სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის  რეკომენდაციას განიხილავდნენ. მინისტრმა სკოლას ურჩია, დირექტორი ზვიად მიმინოშვილი გაეთავისუფლებინა.

მანამდე, 2010 წლის 7 ივლისს, თეა თუთბერიძემ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ზვიად მიმინოშვილს მინისტრის სახელით სკოლიდან წასვლას ურჩევენ. აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი, გლდანი-ნაძალადევის რაიონის რესურსცენტრის უფროსი რუსუდან ჩხეტია, “პროფესიული სინდიკატის” გამგეობის თავმჯდომარე ტატო შავშიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი