ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, „გარკვეულ სამთავრობო წრეებს“ მიმართა და აღნიშნა, რომ „მუქარის მცდელობები საჭირო არაა“, რადგან ისე იმოქმედებს, „როგორც საჭიროდ მიიჩნევს“:

„იმ ინტერვენციების ფონზე, რაც მივიღე, მსურს ცხადად განვმარტო, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანას წარმოვადგენ, მიმაჩნია, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება ისევე უნდა იქნას პატივცემული, როგორც დიდი ქვეყნის შემთხვევაში. შეწყალება უფლებაა, რომელიც პრეზიდენტმა შიდა თუ გარე ზეწოლის გარეშე უნდა მიიღოს. მინდა ასევე მივმართო მთავრობის გარკვეულ წევრებს და ვუთხრა, რომ მუქარის მცდელობები საჭირო არაა, მე იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ ჩავთვლი“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იმ ნაბიჯებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მისი თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების მიზნით გადადგა. ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილმა 19 აპრილის შეთანხმება და მის ფარგლებში სამი მსჯავრდებულის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას შეწყალებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხები რომ შესრულებულიყო, საქართველოს ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ექნებოდა მინიჭებული.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია ორბელიანის სასახლესთან 27 მაისს გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ გვარამიას პატიმრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი დაბრკოლებაა, ისინი პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეიწყალოს პოლიტპატიმარი გვარამია და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვა.

ნიკა გვარამიას შეწყალების იდეას ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებდა, გამოვიდოდა, რომ რასაც პრეზიდენტზე ამბობდა, მართალი იყო:

„რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილს, გამოდის, მართალი ყოფილა, თუ შეწყალებას დათანხმდება“ ,— თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.