საზოგადოება

წყალი, მარაო, ნაყინი

12 ივლისი, 2010 • 1478
წყალი, მარაო, ნაყინი

ავტობუსში
ავტობუსში

სათადარიგო გასასვლელები და მარაო თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მგზავრებისთვის ერთადერთი გასაგრილებელი საშუალებაა.

„ბევრს კი ლაპარაკობენ, ჰონკონგს ვემსგავსებითო, მაგრამ ელემენტარული პირობები ვერ შეუქმნიათ ხალხისთვის, ჯოჯოხეთია ამ ავტობუსებით მგზავრობა“, –ამბობს 54 წლის ლიანა კიკნაძე.

პირადი ავტომობილისა და ტაქსის გარდა, 61 ყვითელი ავტობუსი ჭავჭავაძის გამზირზე მოსახვედრად ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა. მგზავრები ამბობენ,  რომ არა გაჭირვება, ავტობუსით, რომელსაც კონდიციონერი არ აქვს,  არ იმგზავრებდნენ.

„მეტროთი ვაკეში ვერ მოხვდები, ამიტომ იძულებეულები ვართ გავუძლოთ, ქალაქის მერიაში რა ენაღვლებათ, ალბათ ისეთ ავტობუსში, სადაც „ლუკით“ გრილდები, არც მჯდარან“ – ამბობს კიკნაძე.

სათადარიგო გასასვლელთან, ანუ ე.წ ლუკთან, ძირითადად, მამაკაცები დგანან, –„აქედანაც არ შემოდის ჰაერი“,– ამბობს 44 წლის ვახტანგი.

მგზავრების თქმით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მაინცდამაინც ვერ მოსთხოვ კონდიციონერი ჩართონ, „მარშრუტკები მაინც კერძოა. ეს ყვითელი ავტობუსები კი, რომელიც სახელმწიფოა, უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, თუკი რაიმე ევროპულ და  ზოგადად დასავლურ ღირებულებეზე ლაპარაკობს ჩვენი ხელისუფლება,“– ამბობს 21 წლის სტუდენტი, მიხეილ სვანიძე.

გარე მოვაჭრის, ნანული ლაზაშვილის თქმით, რომელიც სამგორის ავტოსადგურში მუშაობს,  ასეთ ცხელ ამინდში უკეთესი ვაჭრობა აქვს. „არაფერს ვუჩივი, წყალი, ნაყინი და მარაოები ძალიან კარგად მიდის“.

თბილისში 12 ივლისის ამინდის საშუალო ტემპერატურა 40 გრადუსია.

მასალების გადაბეჭდვის წესი