საზოგადოება

სურთ სტატუსის მონიჭება, მაგრამ საკმარის საფუძველს ვერ ხედავენ — NGO-ები ბრიუსელში ვიზიტზე

29 მაისი, 2023 •
სურთ სტატუსის მონიჭება, მაგრამ საკმარის საფუძველს ვერ ხედავენ — NGO-ები ბრიუსელში ვიზიტზე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც მონიტორინგს უწევენ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო წინაპირობების შესრულების პროცესს, 22-25 მაისს ბრიუსელში გამართული შეხვედრები შეაჯამეს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცნობით, შეხვედრებზე მეტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები სხვადასხვა პრიორიტეტების შესრულებაში, თუმცა შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

„ხაზგასმით აღინიშნა რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობა. ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. შეშფოთება გამოითქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული რიტორიკის დაუშვებლობას, რაც „რუსული კანონის“ გაწვევის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თქმით, ევროკავშირში ნათლად ხედავენ და აფასებენ ქართველი ხალხის ძალისხმევას, დაიცვას ქვეყნის ევროპული კურსი, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს, რადგან ამ მხრივ საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება, რაც უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს სტატუსს, თუმცა გვითხრეს, რომ თუკი ხელისუფლებამ მეტი პოლიტიკური ნება არ აჩვენა, ასეთი რამ გაჭირდება“, — განაცხადა ღია საზოგადოების ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.

მისი თქმით, ბრიუსელში უნდათ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, მაგრამ ამისთვის საკმარის საფუძველს ვერ ხედავენ.

„პირიქით, ამბობენ, რომ უკანასკნელ თვეებში ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ნაბიჯი სიტუაციის გასაუარესებლად. ძალიან კარგად იციან ყველა გამონათქვამიც კი, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლური და ანტიევროპული გამონათქვამები. მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენაც, რომ ბოლო ხანებში ისინი სწორედ სამოქალაქო საზოგადოები ადვოკატირებას ხედავენ — ანუ ჩვენს ძალიან დიდ სურვილს, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ასევე, ოპოზიციისაც, რამაც გამაოცა კიდევაც. გვითხრეს — თქვენც და ოპოზიციაც ჩამოდიხართ და ითხოვთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლებისგან ასეთი მკვეთრი მოთხოვნა და კეთილი ნების გამონახვა ჩვენ არ დაგვინახავსო“, — განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის კაბინეტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის კაბინეტის, მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისრის კაბინეტის, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის, საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებთან, ისევე როგორც ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის (COEST) დელეგატებთან. დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ევროპარლამენტარებთან: მარინა კალიურანდთან, ვიოლა ფონ კრამონთან, ანა ფოტიგასთან, ანდრუს კუბილიუსთან და პეტრას აუსტრევიჩიუსთან.

ევროკომისიის მიერ საქართველოს შეფასების ანგარიშის წარდგენამდე დაახლოებით 5 თვეა დარჩენილი. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

მასალების გადაბეჭდვის წესი