საზოგადოება

„ჩემ გარდა მიზეზს ვერ ვპოულობ“ – კვესიტაძის თქმით ბიძა დააკავეს

22 მაისი, 2023 • 5337
„ჩემ გარდა მიზეზს ვერ ვპოულობ“ – კვესიტაძის თქმით ბიძა დააკავეს

განახლება: გვიან ღამით ეკა კვესიტაძემ დაწერა, რომ ბიძა პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს. მისივე თქმით, კაცს მოუწოდებდნენ – „ლიმონკის ქონა შენს თავზე აიღეო.“.


„მთავარი არხის“ ტელეწამყვანი, ეკა კვესიტაძე აცხადებს, რომ მისი 72 წლის ბიძა პოლიციამ დღეს დააკავა. ჟურნალისტი მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

„დღეს ჭიათურის რაიონ სოფელ ხრეითში დააკავეს ჩემი 72 წლის ბიძა ბადრი ლოლაძე. რომელიც არის მარტოხელა, ავადმყოფი, სოციალურად დაუცველი, სახლი აქვს ნახევრად დანგრეული მიწისძვრისგან. ამიტომ ჩემი და პატრონობს და ზამთრობით თავის სახლში აცხოვრებს თბილისში. რამდენიმე კვირაა, რაც დათბა და სოფელში წავიდა სიმინდის და ლობიოს მოსაყვანად.

ასე ცხოვრობს წლებია. დღეს დილით პატრულის ორი ეკიპაჟი დაადგა სახლში. დაბზარულ კედლებს შორის ძველი, დაჟანგული ლიმონკა იდოო და განყოფილებაში გადაიყვანეს და 72 წლის კაცი იზოლატორში გამოკეტეს. რომ ეთქვა, მამაჩემის იყო ეგ ლიმონკა არ დავაკავებდითო. მაგრამ უარყოფს ჩემი არ არისო. ახლა ვზივარ და თავს ვიტეხ, რატომ შეიძლებოდა დაეკავებინათ 72 წლის კაცი და ჩემი თავის გარდა სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ,“ – წერს კვესიტაძე.

ნეტგაზეთი ცდილობს დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი