ნეტგაზეთი | გაათავისუფლებენ თუ არა მე-14 სკოლის დირექტორს გაათავისუფლებენ თუ არა მე-14 სკოლის დირექტორს – Netgazeti
RU | GE  

გაათავისუფლებენ თუ არა მე-14 სკოლის დირექტორს

.

Zviad Miminoshvili da Tato Shavshishvili by user1810012

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის მეთოთხმეტე სკოლის სამეურვეო საბჭოს ამავე სკოლის დირექტორ ზვიად მიმინოშვილის გათავისუფლების შესახებ რეკომენდაცია და გაფრთხილება მისცა. თუკი საბჭო სკოლის დირექტორს არ გაათავისუფლებს, განათლების სამინისტროს საბჭოს დათხოვის უფლება აქვს. მანამდე კი გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერი, სადაც მიმინოშვილს განათლების სამინისტროში აიძულებენ, რომ თანამდებობა დატოვოს.

სამინისტროდან 5 ივლისს გაგზავნილ დოკუმენტში მითითებულია, რომ სკოლის მიერ სამინისტროში გაგზავნილი საშტატო განრიგი რეალურად არსებულს არ ემთხვევა. სწორედ ეს გახდა სამინისტროს შენიშვნის მიზეზი.

ზვიად მიმინოშვილისა და მეთოთხმეტე სკოლის ადვოკატ რევაზ რიჟამაძის განცხადებით, სამეურვეო საბჭოზეა  დამოკიდებული, გაათავისუფლებენ თუ არა ზვიად მიმინოშვილს:

რიჟამაძე ამბობს, რომ ეს რეკომენდაცია შესასრულებლად სავალდებულოა და „მოვლენების განვითარება სამეურვეო საბჭოზეა დამოკიდებული.“

ზოგადი განათლების შესახებ კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტში წერია:

”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას ან/და სკოლა 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. ამ შემთხვევაში იგი უფლებამოსილია, განსაზღვრული  ვადით დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.”

რიჟამაძის  თქმით, ეს უკვე მეორე შენიშვნაა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, რაც შესაძლოა სამინისტრომ მიმინოშვილის გათავისუფლების საბაბად გამოიყენოს.

რევაზ რიჟამაძის თქმით, პირველი გაფრთხილება დირექციამ მაშინ მიიღო, როცა მეთოთხმეტე სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი დაჭრეს. ადვოკატი ამბობს, რომ ინციდენტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა და, შესაბამისად, მომხდარის გამო სკოლა პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა.

სამინისტროს პირველი შენიშვნა სკოლის დირექტორმა პრემიერ–მინისტრის აპარატში, განათლების სამინისტროს ზემდგომ ორგანოში, გაასაჩივრა. იგივე ბედი ელის მეორე შენიშვნასაც.

ადვოკატი აცხადებს, რომ ეს შენიშვნა დაუმსახურებელია, რადგან საშტატო განრიგი სამინისტროს მოთხოვნებს პასუხობდა.

ზვიად მიმინოშვილი 27 ივნისიდან 27 ივლისამდე შვებულებაში იმყოფება. შვებულებაში მყოფი დირექტორის გათავისუფლება კანონით აკრძალულია. რიჟამაძე ამბობს, რომ მიმინოშვილს სამინისტროს წარმომადგენლები შვებულებიდან დაბრუნებასა და თანამდებობიდან წასვლას სთხოვენ.

მეთოთხმეტე საჯარო სკოლით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია 2010 წლის 14 ივნისისდან დაინტერესდა. რევაზ რიჟამაძის განცხადებით, ინსპექცია სკოლაში მინისტრის ბრძანებულების გარეშე შევიდა და მხოლოდ სამი დღის შემდეგ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტი.

მიმინოშვილის წარმომადგენელმა მინისტრის ბრძანება მეთოთხმეტე სკოლის შემოწმების შესახებ პრემიერ–მინისტრთან გაასაჩივრა:

„მინისტრის ბრძანება  ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტია, რომელიც მოცემულ ვითარებაში მინისტრის სურვილით გამოიცემა. ამიტომ იგი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული ბრძანება ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე გამოიცა. რის საფუძველზე შემოდიოდა სკოლაში  გენ. ინსპექცია?!“

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 53 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად:

„თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.“

რიჟამაძის განცხადებით, 28 ივნისს ზვიად მიმინოშვილმა გენ. ინსპექციას ყველა დოკუმენტი წარუდგინა. გამოძიება 27 ივლისს უნდა დასრულდეს.

28 ივნისს ზვიად მიმინოშვილი განათლების სამინისტ



როს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა დაიბარა.

”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი და დირექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ ანდრიაშვილმა მიმინოშვილი აიძულა ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს სახელზე გადადგომის შესახებ განცხადება დაეწერა.

მიმინოშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ზვიად მიმინოშვილმა ვერ გაიგო მიზეზი, რის გამოც თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუმცა განცხადება, გათავისუფლების თხოვნით, მაინც დაწერა.

განცხადება სამეურვეო საბჭომ არ დააკმაყოფილა.

„სამეურვეო საბჭომ მეორე დღეს (30 ივნისს) ჩაატარა სხდომა და არ დააკმაყოფილა დირექტორის ეს გადაწყვეტილება. ვინაიდან მათ რეალურად იცოდნენ, მიმინოშვილმა როგორ ვითარებაში მოაწერა ხელი განცხადებას,–“ აცხადებს თეა თუთბერიძე.

მიმინოშვილი სამინისტროში მეორედ პირველ ივლისს დაიბარეს. ამ შეხვედრის აუდიოჩანაწერის ნაწილი უკვე გავრცელდა მედიით. მისი სრული ვერსია კი ნეტგაზეთს თეა თუთბერიძემ მიაწოდა.  ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მეორე შეხვედრის დროსაც მიმინოშვილს თანამდებობის დატოვებას სთხოვდნენ.

55–წუთიან აუდიოჩანაწერში ირაკლი ანდრიაშვილი ამბობს: „ზვიად, არ გეგონოს, რომ ჩვენ შენს მიმართ რაიმე მტრული განწყობა გვაქვს, არაფერი ძმაო, უბრალოდ, არის ახლა ისეთი მომენტი, რომ შენ ეგ ადგილი უნდა დატოვო… ალტერნატიულ სამსახურს შემოგთავაზებთ, დილასაც მითხრა მინისტრმა და ეხლაც ვესაუბრე- გადაგიყვანთ ძმაო…“


Irakli andriashvili, Zviad Miminoshvili by user1810012

თუთბერიძე ამბობს, რომ 1 ივლისის შეხვედრის ჩაწერის გადაწყვეტილება თავად მიიღო:

”მოლოდინი იმისა, რომ კიდევ ერთხელ აიძულებდნენ განცხადების დაწერას, ნამდვილად მქონდა. მივიღე გადაწყვეტილება, რომ დირექტორისგან დაუკითხავად, მის ჩანთაში მომეთავსებინა ჩამწერი აპარატურა… მე ამ ჩანთას მანამდეც ვხსნიდი და მუშაობის პროცესში საჭირო დოკუმენტებს ვიღებდი… სამინისტროში მისვლამდე, რაღაც დოკუმენტები ვნახე და საბუთების ჩადებისას აპარატურაც ჩავდე.”

თუთბერიძე ამბობს, რომ ზვიად მიმინოშვილი უკან დაიხევდა ჩამწერი აპარატურის სამინისტროში წაღებაზე, რადგან შეხვედრებში მისი მეგობარი ტატო შავშიშვილი მონაწილეობდა.


Zviad Miminoshvili da Tato Shavshishvili by user1810012

ჩანაწერის მიხედვით, მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანება „სინდიკატის“ გამგეობის თავმჯდომარე ტატო შავშიშვილი აქტიურად ცდილობდა ზვიად მიმინოშვილის დაყოლიებას.

თეა თუთბერიძემ ჩანაწერის მოკლე ვარიანტი ირაკლი ანდრიაშვილსაც გადაუგზავნა. სამინისტროსგან თუთბერიძეს პასუხი არ მიუღია.

„მე პირადად ვაგებ პასუხს ამ ჩანაწერზე. მზად ვარ ნებისმიერ ექსპერტთან, თუნდაც საზღვარგარეთ, დავთანხმდე ჩანაწერის ექსპერტიზას,“– აცხადებს თუთბერიძე.

თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ უფლებამოსილებას გადაამეტა:

„გენ ინსპექციის უფროსისა და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება. ყველა ნორმალურ ქვეყანაში არა მარტო დატოვებდნენ თანამდებობას, არამედ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა მათ წინააღმდეგ… თუ არ შეწყდება შევიწროება სამინისტროს მხრიდან, არ გამოვრიცხავ, რომ მივმართავთ გენერალურ პროკურატურას,“– თეა თუთბერიძე.

ამჟამად სკოლის დირექტორის მოვალეობას, დირექტორის მოადგილე თინათინ გელეიშვილი ასრულებს.

ნეტგაზეთი სკოლის სამეურვეო საბჭოს დაუკავშირდა. სამეურვეო საბჭოს წევრები და მასწავლებლები საუბარს თავს არიდებენ. დირექტორის გათავისუფლების საკითხს სამეურვეო საბჭო სხდომაზე განიხილავს. საბჭო დაკომპლექტებულია – ექვსი მასწავლებლისგან, ექვსი მშობლისგან, თითო-თითო ადგილობრივი და სკოლის თვითმმართველობის  წარმომადგენლისა და სამინისტროს  ერთი წარმომადგენლისგან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი