საზოგადოება

45%-ის აზრით, “დეოლიგარქიცაზია” ივანიშვილს მიემართება — კვლევა

8 მაისი, 2023 • 965
45%-ის აზრით, “დეოლიგარქიცაზია” ივანიშვილს მიემართება — კვლევა

Zinc Network-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მთავარი დამაბრკოლებელი არის ფაქტორები რუსეთის წინააღმდეგობა, სუსტი ეკონომიკა, შიდაპოლიტიკური პოლარიზება და ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა.

კითხვაზე, თუ რა უშლის ხელს საქართველოს, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, გამოკითხულთა 20%-მა რუსეთის წინააღმდეგობა დაასახელა, 17%-მა- სუსტი ეკონომიკა, 15% პოლარიზებას ასახელებს, 13% კი ამბობს, რომ ამის მიზეზი ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა.

ამასთან, ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, საპირისპიროს ფიქრობს 25% .

კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან პოლარიზაციის შემცირება ყველაზე პრიორიტეტულია. აღნიშნულ კითხვაზე ამგვარი პასუხი გამოკითხულთა 26%-მა გასცა, 14% კი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას მიიჩნევს, 8% – სასამართლოს დამოუკიდებლობას.

ამასთან, გამოკითხულთა 35%-ს არ სჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო რეფორმებს გაატარებს.

კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ასევე ჰკითხეს, თუ ვინ იგულისხმებოდა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში, რაზეც გამოკითხულთა 45%-მა ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, 9%-მა- დავით კეზერაშვილი, 8%-მა — მიხეილ სააკაშვილი. აღნიშნულ კითხვაზე „არ ვიცი“ გამოკითხულთა 37%-მა უპასუხა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ქართველები ყველაზე მნიშვნელოვან ევროპულ ღირებულებად თავისუფლებას მიიჩნევენ, ამგვარი პასუხი აღნიშნულ კითხვას გამოკითხულთა 23%-მა დაასახელა, 15%-მა ყველაზე მნიშვნელოვან ევროპულ ღირებულებად განათლება მიიჩნია, 11-11% კი ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიას ასახელებს.


კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%.

დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%.

Zinc Network-ის განცხადებით, გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი