საზოგადოება

თუ გვარამიას გამოუშვებენ, პირადად ვთხოვ ზელენსკის საქართველოში ელჩის დანიშვნას – არახამია

7 მაისი, 2023 • 14387
თუ გვარამიას გამოუშვებენ, პირადად ვთხოვ ზელენსკის საქართველოში ელჩის დანიშვნას – არახამია

უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ საქართველოში სრულუფლებიანი ელჩი დასანიშნად, პირველ რიგში “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა ნაბიჯი უნდა გადადგას ოფიციალურმა თბილისმა იმისთვის, რომ უკრაინამ საქართველოში ელჩი დანიშნოს, არახამიამ უპასუხა:

“პირველი ნაბიჯი იქნება ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ის პოლიტიკოსი არაა, ის ჟურნალისტია. თუკი მას ციხიდან გამოუშვებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და სთხოვს, რომ ელჩი გაუშვან თბილისში”, — განაცხადა არახამიამ [“მთავარი არხის” თარგმანი].

ერთ წელზე მეტია უკრაინას საქართველოში ელჩი არ ჰყავს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი, იგორ დოლგოვის კონსულტაციებისთვის გასულ წელს, პირველ მარტს გაიწვია და მიზეზად დაასახელა ქართული მხარის მიერ „მოხალისეების არგამოშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“, მოგვიანებით, 31 მარტს კი მოხსნა.

მას შემდეგ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ანრეი კასიანოვი დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი