საზოგადოება

3 500 ტაქსს ბასლეინებზე მოძრაობის უფლება მიეცემა

26 აპრილი, 2023 • 1254
3 500 ტაქსს ბასლეინებზე მოძრაობის უფლება მიეცემა

1 ივნისიდან A კატეგორიის ანუ თეთრი ტაქსები საავტობუსო ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში გადაადგილებას შეძლებენ, თუ ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს. თბილისის მერიის ინფორმაციით, იმ ტაქსების რაოდენობა, ვინც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თბილისში 3 500-ია.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 26 აპრილს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„იმისთვის, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები, მათ შორის მგზავრებისთვის, შემოვიღეთ ე.წ. სტიკერები, რომელთა დარიგებას უკვე მაისიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ეს ე.წ. სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში. შესაბამისად, მისი გადაადგილების დრო გაცილებით ნაკლები იქნება. ეს „სტიკერი“ განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში”, – განმარტა მერმა.

კალაძის განცხადებით, A კატეგორიის ტაქსები საავტობუსო ზოლში გადაადგილებას ვერ შეძლებენ იმ ქუჩებზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომანქანების საპირისპიროდ მოძრაობს.

მიმდინარე წლის 20 მარტიდან თბილისში A კატეგორიის ტაქსებისთვის ლიცენზიების ძველი სისტემით გაცემა შეწყდა, 1 აპრილიდან კი დაიწყო ახალი სისტემით გაცემა, რაც ითვალისწინებს ერთჯერად ლიცენზიას, რომელიც მძღოლისთვის ერთგვარ აქტივს წარმოადგენს. ლიცენზიის მქონე მძღოლს, თავად სარგებლობის გარდა, შეუძლია მისი გაყიდვა ან იჯარით გაცემა.

A კატეგორია მოიცავს ქალაქში მოძრავ თეთრი ფერის ტაქსებს, რომელთაც აქვთ სპეციალური მანიშნებელი – “ტაქსი თბილისი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი