საზოგადოება

61% სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას მხარს უჭერს – IRI-ის კვლევა

25 აპრილი, 2023 • 879
61% სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას მხარს უჭერს – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI-ს] ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას.

კერძოდ, მათ შორის, ვისაც სმენია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 43% სრულიად უჭერს მხარს ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანას, 18% კი, გარკვეულწილად. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, გამოკითხულთა 26% სრულიად ეწინააღმდეგება მის უცხოეთში გადაყვანას, ხოლო 7%- გარკვეულწილად.

ასევე, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37%-ის თქმით, მათ აზრს ყველაზე მეტად შეესაბამება კველვაში გამოთქმული წინადადება, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს საქართველოში, პარალელურად კი სამედიცინო მკურნალობა გაეწიოს საპატიმრო დაწესებულებაში.

31%-ის აზრს კი ყველაზე მეტად შეესაბამება მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა ჰუმანიტარული საფუძვლით უნდა შეიწყალოს.

ხოლო 25%-ის განცხადებით, მათ აზრს ყველაზე მეტად შეესაბამება კვლევაში გამოთქმული წინადადება, რომ ყოფილი პრეზიდენტს სასჯელის მოხდის პროცესი დროებით შეჩერდეს და სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანის შესაძლებლობა მიეცეს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი დაბრუნდეს საქართველოში და განაგრძოს სასჯელის მოხდა.


კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა „გამოკითხვისა და მარკეტინგის“ ინსტიტუტმა, დააფინანსა – USAID-მა. მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტს, რესპონდენტთა სახლში პირისპირი ინტერვიუებით.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სრულწლოვანმა, 1500-მა მუდმივმა მცხოვრებელმა. გამოკითხულთა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და დასახლების სიდიდე მთლიანი მოსახლეობის რეპრეზენტაციულია.

კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი