საზოგადოება

ნავალნი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს სააკაშვილი

13 აპრილი, 2023 • 1863
ნავალნი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს სააკაშვილი

რუსი ოპოზიციონერი, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალი მიხეილ სააკაშვილზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას მისი გაათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში ნავალნი ამბობს, რომ პირადად არ იცნობს სააკაშვილს და არც არასდროს შეხვედრია მას. ასევე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული განცხადების დაწერა მისთვის არავის უთხოვია.

„ჩემდა სამარცხვინოდ, 2008 წელს მე დავწერე პოსტი, სადაც შეურაცხყოფა მივაყენე ქართველებს, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ჩემი მეგობარი ცხინვალში დაიბომბა. მე ბოდიში მოვიხადე ამისთვის და კვლავ ბოდიშს ვიხდი, თუმცა ვიცი, რომ ამის გამო ჩემი აზრი საქართველოში დიდად არ ფასობს.

ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე ამ განცხადების დაწერა, როგორც ადამიანმა და ქრისტიანმა, რადგან რაც ხდება, რთული საყურებელია. სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი იტანჯება და მთელი საქართველო თავს ცუდად გრძნობს იმის გამო, რაც ხდება. ეს ვითარება არც მათ აწყობთ, ვისაც სურს, სააკაშვილი სიკვდილამდე პატიმრობაში იყოს. მე მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს არის დიადი ქვეყანა, რომელსაც ყველაფერი აქვს აყვავებისთვის. მჯერა, რომ ეს პოლიტიკური დაპირისპირება მშვიდობიანად და წყნარად გადაწყდება.

თუმცა ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა და წამება საშინელი და უგულოა. ის ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს, მის განვითარებას და ამცირებს ნორმალურ ცხოვრებაზე მის შანსებს. ის ამცირებს ქვეყნის ზნეობრიობას და ავსებს ქვეყანას ბრაზით“.

ნავალნის თქმითვე, ესმის, რომ ეს დაპირისპირება ემოციურია და სააკაშვილის ოპონენტებსაც ბევრი ისეთი რამ ახსოვთ, რისთვისაც შურისძიება უნდათ.

„თუმცა სახელმწიფო უფრო ლმობიერი უნდა იყოს, ვიდრე ოპონენტები. ამიტომაც არის ის სახელმწიფო. სააკაშვილი ავადაა და საუბარი იმაზე, თითქოს ის სიმულირებს – ნონსენსია“, – დასძენს ის.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს, ქრისტიანული სულისკვეთებით გადადგან ნაბიჯი მშვიდობისკენ. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან“, – წერს ნავალნი.


2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნავალნი ომის პროვოცირებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთის არმიას რაკეტები უნდა დაეშინა საქართველოს გენშტაბისთვის.

2013 წელს, “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, ალექსეი ნავალნიმ ქართველების მღრღნელებად მოხსენიებას შეცდომა უწოდა, თუმცა თქვა, რომ მისი პოზიცია აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით უცვლელია.

„ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე “გრიზუნებად” (მღრღნელი), მე არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა. პოლიტიკოსი ვარ და შეცდომის აღიარება შემიძლია. მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილა. 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დე ფაქტო რეგიონები წლების განმავლობაში არ იმართებოდა თბილისის მიერ, მათი მთავარი დამფინანსებელი კი წლებია რუსეთია. მე თუ პრეზიდენტი გავხდები, რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსული ბაზები შენარჩუნდება ამ ტერიტორიებზე, მაგრამ, დარჩება თუ არა სულ, ამაზე პასუხისთვის ახლა მზად არ ვარ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამსჯელო და კომპლექსური საკითხებია. მაგრამ რუსეთმა ხვალ რომ შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება, რა მოხდება, რა შეიცვლება? საქართველოს დაუბრუნდებიან?” – განაცხადა ნავალნიმ.

ალექსეი ნავალნი, რომელიც “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ 5 თვის განმავლობაში გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს, ქალაქ ხიმკის სასამართლომ კი 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის ედავება “ივ როშეს” საქმესთან დაკავშირებით პირობითი მსჯავრის პირობების მრავალგზის დარღვევას. “ივ როშეს” საქმეზე ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგ ნავალნი 2014 წელს დამნაშავედ ცნეს თაღლითობის მუხლით. გამოძიების ვერსიით, მათ კომპანია “ივ როშე” დაარწმუნეს არახელსაყრელი კონტრაქტის გაფორმებაში.

გარდა ამისა, 2020 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღძრა მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი 356 მილიონი რუსული რუბლის (4.8 მილიონი აშშ დოლარი) თაღლითურად მისაკუთრებასა და დახარჯვის ბრალდებით.

აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ლიდერები კრიტიკულად ეხმაურებიან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი