საზოგადოება

მასწავლებლები საკუთარ ცოდნას ამოწმებენ

17 ივნისი, 2010 • • 2601
მასწავლებლები საკუთარ ცოდნას ამოწმებენ

სასერტიფიკაციო გამოცდები საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის წელს საქართველოში პირველად ტარდება. ვარაუდობენ, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლებს ხელფასი 160 ლარით გაეზრდებათ.  წელს საკუთარ კომპეტენციას მასწავლებელთა 18.5 %  გამოცდის.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის 13 ივლისიდან დაიწყება. საქართველოში ასეთი გამოცდა წელს პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს მასშტაბით გამოცდებს თოთხმეტ საგამოცდო ცენტრში მოაწყობს, კერძოდ თბილისში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ოზურგეთში, სიღნაღში, თელავში, ხულოში, ახალციხეში, ფოთსა და ზუგდიდში.

საგამოცდო სიაში  14 ათასამდე მასწავლებელია დარეგისტირებული. თითოეულ მათგანს ორი გამოცდის ჩაბარება მოუწევს: პროფესიული უნარებისა და საგნობრივი გამოცდის.  საგნობრივი ტესტი იმ საგნის ცოდნის ხარისხს შეაფასებს, რომელსაც ისინი ასწავლიან, ან სურთ, რომ ასწავლონ. პროფესიული უნარების ტესტი მოიცავს იმ  ზოგად უნარჩვევებს, რისი ცოდნაც პედაგოგისთვის, პროფესიული სტანდარტით,  სავალდებულოდ ითვლება. 

წელს გამოცდები მხოლოდ ოთხ საგანში ჩატარდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგიურ უნარებში, მათემატიკასა და ოთხ უცხო ენაში (ინგლისური, რუსული, ფრანგული და გერმანული).     ამჟამად  მიმდინარეობს მუშაობა კომბინირებულ ტესტზე დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის. ამიტომ წელს ისინი სერთიფიკატს ვერ აიღებენ.

მასწავლებელმა სერტიფიკატის მისაღებად მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა გადალახოს, რაც მაქსიმალური ქულის სამოც პროცენტს ნიშნავს. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამნენტის ხელმძღვანელმა, ია კუტალაძემ აღნიშნა, გამსვლელი ქულა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით, კერძოდ, ე. წ. ანგოფის სტანდარტების პროცედურით დადგინდა: „ეს მეთოდი გულისხმობს ექსპერტთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ შემთხვევაში ექსპერტები არიან განათლების სპეციალისტები, პრაქტიკოსი პედაგოგები. ანუ ჩვენ დამოუკიდებლად არ გადაგვიწყვეტია, გამსვლელი ქულა იყოს სამოცი პროცენტი თუ ორმოცი. ეს სერიოზული მეცნიერული კვლევის საფუძველზე დადგინდა.“

ტესტირება პროფესიულ უნარებში 13 ივლისს ჩატარდება, ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 19-ში, მათემატიკაში – 20-ში, უცხო ენებში კი 21, 22 და 23 ივლისს. პროფესიული უნარებისა და მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულა სამოცდაათია, ქართულის – ოთხმოცი, უცხო ენის – ას ოცი. საბოლოო შეფასება თითოეულ დავალებაში მიღებული ქულის შეკრებით დაითვლება.

სასერტიფიკაციო ტესტები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს ეყრდნობა, რომელიც 2008 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრმა შეიმუშავა და შემდეგ დაამტკიცა. ეს სტანდარტი ორი ნაწილისაგან შედგება: ერთია საგნობრივი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ საგანში რა ცოდნასა და უნარებს უნდა ფლობდეს პედაგოგი, ხოლო მეორე- პროფესიული სტანდარტი, სადაც აღწერილია, რა ზოგად პედაგოგიურ უნარებს უნდა ფლობდეს იგი. შესაბამისად, ტესტიც ორია: საგნობრივი და პროფესიული.

საგნობრივი ტესტიც ორნაწილიანია: ერთი საგნის ცოდნას აფასებს, ხოლო მეორე – სწავლების მეთოდიკას.

პროფესიული უნარების ტესტი ყველა პედაგოგისთვის საერთო და სავალდებულოა. მასში ოცდაშვიდი დავალება შედის და გამსვლელი ქულად ორმოცდაორი ითვლება. 

უცხო ენის გამოცდაზე მოსმენის, საუბრის, წაკითხულის გააზრების უნარებსა და საგნის სწავლების მეთოდიკის ფლობა ფასდება. კუტალაძის თქმით, მოსმენისა და საუბარის უნარებს ეროვნული გამოცდების ცენტრი წელს პირველად შეაფასებს. მან აღნიშნა, რომ პედაგოგებისთვის მითითებული აქვთ სახელმძღვანელოები, გამოცემული აქვთ ბუკლეტები, რითაც გამოცდების მომზადებაა შესაძლებელი: „დავიწყეთ თუ არა მუშაობა სასერტიფიკაციო გამოცდებზე, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2008 წელს გამოსცა დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის, „როგორ მოვემზადოთ სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის“. მასში დეტალურად არის განხილული ტესტური დავალებები, მოცემულია ნიმუშები, ინსტრუქციები. ეს სახელმძღვანელო მკაფიო წარმოდგენას უქმნის პედაგოგებს, თუ როგორი  შეიძლება იყოს ტესტი.“ ამას გარდა, მისი თქმით, თითქმის ყველა რეგიონში საცდელი გამოცდები რამდენჯერმე ჩაატარეს. „იყო პრეტენზიებიც, რომ არ ჰქონდათ გავლილი ის ავტორები და თეორიები, რაც მოცემულია სტანდარტში.“

30-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, გიორგი კალანდაძე, წელს  გამოცდაზე გადის: „გადავწყვიტე გამოცდებში მონაწილეობა, მინდა ჩემი თავი გამოვცადო, არ ვემზადები, ვიცი, არის ჟურნალები, ლიტერატურა, მაგრამ არ ვთვლი, რომ საჭიროა სპეციალურად მომზადება.“

ლელა მჭედლიძე, 23-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „გამოცდაზე, რა თქმა უნდა, გავდივარ. რატომაც არა, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არ არის ერთადერთი ხერხი და საშუალება მასწავლებლის რეალური კვალიფიკაციის გამოსავლენად, მაგრამ მაინც მივესალმები. რაღაც დონეზე მაინც საჭიროა გამოცდით თუ სხვა საშუალებებით მასწავლებლის კვალიფიკაციის შეფასება. ვემზადები შეძლებისდაგვარად, წიგნები შევიძინე, ვმუშაობ კოლეგებთან ერთად, გვყავს ტრენერები, რომლებიც გვეხმარებიან.“ 

გამოცდების პროგრამა, საგამოცდო ტესტების ნიმუშები, გამოცდების პროგრამით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები და დამხმარე სახელმძღვანელოები გამოცდების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ვებ გვერდებზეა  განთავსებული. მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პორფესიული განვითარების ცენტრის სტანდარტების კოორდინატორი, ნინო ელბაქიძე ამბობს, მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების შემდეგ, საქართველოში იქნებიან პედაგოგები, რომლებსაც მაღალკვალიფიციურობის სახელმწიფოს მიერ დადასტურებული საბუთი ექნებათ. ეს დოკუმენტი დაამოწმებს, რომ ისინი აკმაყოფილებენ იმ თანამედროვე სტანდარტებს, რასაც განათლების სისტემა პედაგოგებს უყენებს: „გამოცდა გამოწვევაა. მაღალკვალიფიციურობის დამადასტურებელი სერტიფიკატი არის პედაგოგის მაღალი სტატუსის მაჩვენებელი. გამოცდაზე გასვლის  მოტივაცია შეიძლება ხელფასიც იყოს: სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, როგორც განათლების მინისტრი ამბობს, ხელფასზე ნამატი ას სამოცი ლარი ექნებათ.“

ნეტგაზეთმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ვერ მოიპოვა ინფორმაცია, რა ოდენობის თანხაა გამოყოფილი ბიუჯეტიდან ამ ნამატისთვის და, საერთოდ, არის თუ არა.

პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდაზე პირველად გასვლა უფასოა. ჩაჭრილს მომავალ წელს ხელახლა გასასვლელად თანხის გადახდა მოუწევს, თუ რამდენის, გამოცდების ცენტრში ჯერ არ იციან. ასევე, უცნობია, რა თანხა უნდა გადაიხადონ პედაგოგებმა გამოცდის შედეგის გასაჩივრების სურვილის შემთხვევაში. თუ მასწავლებელი ჩაიჭრება, ყოველ წელს, 2014 წლამდე, აქვს შანსი, ხელახლა მიიღოს მონაწილეობა გამოცდებში და სერთიფიკატის მფლობელი გახდეს. გამოცდაში ბარიერის გადალახავის შემთხვევაში ქულის შენახვაც შეუძლია.

პედაგოგებს სერტიფიკატის განახლებისთვის გამოცდაზე გასვლა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ  მოუწევთ.

განათლების სამინისტროს არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 76 ათასი მასწავლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი