საზოგადოება

6 მილიონი ევრო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად

15 ივნისი, 2010 • 1779
6 მილიონი ევრო  დევნილთა  საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად

 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, სპეციალურად მათთვის აშენებულ კოტეჯებში შეასახლეს. მშენებლობა დაჩქარებულად და, შესაბამისად, უხარისხოდ მიმდინარეობდა. წელიწადნახევრის შემდეგ კოტეჯების უმრავლესობას კაპიტალური რემონტი სჭირდება. ამჟამად კოტეჯების კედლები ისევ სველია და ნესტის გამო დაობებულია, ბევრ სახლში ღარებგაჩენილი იატაკიდან ბალახი ამოდის. მეტალოპლასტმასის დეფორმირებული კარ-ფანჯრებიდან კი წყალი შედის. წვიმის წყალი კოტეჯებში სახურავებიდანაც ჩადის.

დევნილებმა კოტეჯების რეაბილიტაცია არაერთხელ მოითხოვეს. სამშენებლო კომპანიები კი ხარვეზების გამოსწორების ვალდებულებას ერთი წლის განმავლობაში იღებდნენ, თუმცა ეს არ შესრულდა. ამჟამად დევნილებთან შეხვედრა დასახლებების მამასახლისებმა დაიწყეს და ყველას ინდივიდუალურად ეკითხებიან, თუ რა არის გასაკეთებელი. – „შესასვლელი კარები დაბრეცილია, ტუალეტის კარი არ იკეტება. იატაკიდან ტკიპები და ჭიები ამოდიან. კედლები და  ჭერი სულ სველია. იატაკიც გამოსაცვლელია, აუტანელ პირობებში გვიხდება ცხოვრება. ცოტა ხნის სიცოცხლეღა დაგვრჩა და იქნებ სუფთად მაინც ვიყოთ ამ კოტეჯებში, თუ გაგვიკეთებენ, მადლობის მეტი რა გვეთქმის“ -აცხადებდნენ კარალეთის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლები.

დევნილთა თქმით, თუ სასწრაფოდ არ დაიწყო სარემონტო სამუშაოები, ერთ წელიწადში კოტეჯები თავზე დაენგრევათ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დევნილთა საჭიროებებს უკვე სწავლობს. დაახლოებით ორ კვირაში ფონდს უკვე სრული სურათი ექნება და სამშენებლო კომპანიის მოსაძებნად ტენდერი გამოცხადდება. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი ვარაუდობს, რომ ივლისის შუა რიცხვებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, მაგრამ პროექტით ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება.

პროექტს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჰქვია.

”ჩატარდება კოტეჯების კოსმეტიკური რემონტი, გაუმჯობესდება წყალმომარაგება და საკანალიზაციო ქსელი. სამზარეულოებში ვენტილაცია მოეწყობა, დამონტაჟდება საუბნო ონკანების ნიჟარები და დასახლებებისათვის შეძენილი იქნება დასუფთავების მანქანები, რომლებიც ექსპლუატაციისთვის მუნიციპალიტეტს გადაეცემა” – აღნიშნა ჩინჩილაკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის შეთანხმებით დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის 6 მილიონი ევროა გამოყოფილი. ამ თანხაში ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში მისასვლელი ხიდიც გაკეთდება, რომელიც 2 მილიონი ევრო დაჯდება. როგორც ცნობილია, კოტეჯების მშენებლობას 2008 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრი კურირებდა. ახლა, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კოორდინაცია და კონტროლი მუნიციპალური განვითარების ფონდს დაეკისრა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი