საზოგადოება

პარლამენტის უკანა შესასვლელთან სიტუაცია დაძაბულია

8 მარტი, 2023 • 853
პარლამენტის უკანა შესასვლელთან სიტუაცია დაძაბულია

პარლამენტის ზედა შესასვლელთან სიტუაცია დაძაბულია.

მომტინგეებმა მოანგრიეს პარლამენტის კართან დამონტაჟებული რკინის ჯებირი, რის შემდეგაც პარლამენტის შიგნით მყოფმა სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და სხვა სპეცსაშუალებები.

ერთსაათიანი ულტიმატუმის გასვლის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის შენობას წრე შემოარტყან.

მანამდე ვაშაძემ „ქართულ ოცნებას“ ერთსაათიანი ვადა მისცა რუსული კანონის საქართველოს პარლამენტიდან გასაწვევად და გუშინდელ აქციაზე დაპატიმრებულთა გასათავისუფლებლად.

„ეს მხდალები და ლაჩრები იმალებიან, არ გამოდიან კონტაქტზე. ისინი ცდიან ჩვენს გამძლეობას. ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვართ, არის რთული ბრძოლა. ამ ბრძოლაში ჩვენ არ უნდა დავიღალოთ და უნდა დაიღალონ ისინი. ჩვენ გთავაზობთ, მშვიდობიანად და წყნარად, ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და შემოვარტყათ ალყა“, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს.

ვაშაძემ ასევე თქვა, რომ ხვალ აპირებენ პარლამენტის სასესიო სხდომის ჩატარებას.

„ჩვენ მოგვიწევს, ყველამ ერთად არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ მშვიდობიანი პიკეტირება მანამ, სანამ ისინი ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ“, — განაცხადა ვაშაძემ.

ამ დროისთვის პარლამენტის ვებ-გვერდზე არ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია ხვალინდელი დღის წესრიგის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი