საზოგადოება

უკრაინის სოლიდარობის აქცია თბილისში — ფოტორეპორტაჟი

24 თებერვალი, 2023 • 7508
უკრაინის სოლიდარობის აქცია თბილისში — ფოტორეპორტაჟი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღეს, 24 თებერვალს, უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები, საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებთან ერთად, იყვნენ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“, “სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“.

აქციზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, ხალხით იყო გადაჭედილი მიმდებარე მეტროსადგურები. აქციაზე ძირითადად ინგლისურენოვანი ტრანსპარანტები ჭარბობდა, ფრიალებდა საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის, ასევე ბელორუსული ოპოზიციის დროშები.

აქციაზე აკრიტკებდნენ ხელისუფლებას, რომელმაც უარი თქვა ომის წლისთავზე უკრაინაში ჩასვლაზე. უკრაინას მიმდინარე დღეებში არაერთი ლიდერი ეწვია, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ისტორიის არასწორ მხარეს დადგა.

სწორედ 24 თებერვალს, ზუსტად ერთი წლის წინ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, თუმცა პუტინის რეჟიმმა დასახულ მიზანს ამ დრომდე ვერ მიაღწია და მას ომის პირველ დღეებში აღებული რეგიონების ნაწილიდან გასვლაც კი მოუწია. ბრძოლები ამჟამადაც გრძელდება, ძირითადად, უკრაინის აღმოსავლეთით.

  • „მიეცით უკრაინას ფრთები“
  • „პუტინი კრიმინალია“
  • „არა ომს!“
  • „ჯიუტად თავისუფლებისკენ!“
  • „შიში არ არის ბრძოლის შეწყვეტის მიზეზი“
  • „ომმა შეიწირა 8 ათასზე მეტი მსვიდობიანი ადამიანი, მათ შორის, 487 ბავშვი, მილიონობით ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი სახლი“

ეს არის მცირე ჩამონათვალი წარწერებისა, რომელიც დღეს აქციის მონაწილეებს ეკავათ.

გთავაზობთ ნეტგაზეთის ჟურნალისტების მომზადებულ ფოტორეპორტაჟს უკრაინის მხარდამჭერი აქციიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი