საზოგადოება

„თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა არის რუსეთის აგრესია“ — კლიჩკოს მიმართვა თბილისს

24 თებერვალი, 2023 • 4880
„თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა არის რუსეთის აგრესია“ — კლიჩკოს მიმართვა თბილისს

თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ ათასობით ადამიანს სიტყვით კიევიდან მიმართა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო! მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისა და პოზიციისთვის! თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა არის რუსეთის აგრესია, რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას.

ქართველები არა მხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ. თქვენი ჯარისკაცები ჩვენ გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. პატივს ვცემ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი, ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის.

დარწმუნებული ვარ, უკრაინა და საქართველოც, რომლის ხალხის დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვის, წარმატებით გადალახავს ამ გზას და ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ჩვენს ხალხს ხელს, გააცნობიერონ თავიანთი ცივილიზებული არჩევანი. დღეს ჩვენ ასე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება ჩვენს გმირებს!“ —  თქვა კლიჩკომ თავის მიმართვაში.

დღეს, 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რასაც ათასობის ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, უკრაინის მხარეს მებრძოლი 36 ქართველი ჯარისკაცი. რუსეთმა ამ დრომდე ვერ შეძლო ომის დაწყებისას დასახული მიზნების მიღწევა და ომის პირველ რამდენიმე კვირაში აღებული ტერიტორიების დათმობაც მოუწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი