საზოგადოება

„შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენცია დამძიმებისკენაა“ — „ვივამედის“ ექიმები სააკაშვილზე

22 თებერვალი, 2023 • 1193
„შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენცია დამძიმებისკენაა“ — „ვივამედის“ ექიმები სააკაშვილზე

დღეს, 22 თებერვალს, კლინიკა „ვივამედში“ ბრიფინგი გაიმართა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

როგორც სააკაშვილის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი აცხადებს, დღეისათვის  პაციენტის მდგომარეობა ისეთია, რომ შესაძლოა, დამძიმების ტენდენცია ჰქონდეს. ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სხეულის მასის ინდექსი 18.2-ს შეადგენს და გამოხატული აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი და ძირითადად მწოლიარე მდგომარეობაშია.

თამარ დავარაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს არაბალანსირებულად იღებს, თუმცა მისი ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია:

„პაციენტის მდგომარეობა დღეისათვის ისეთია, შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენცია დამძიმებისკენაა. 20 რიცხვისთვის სხეულის მასის ინდექსი იყო 18.2. გამოხატული აქვს საერთო სისუსტე, მწოლიარე მდგომარეობაშია, კიდურების ტკივილი აღენიშნება, რასაც ძალიან განიცდის და ყველაზე სავალალოა, რომ კვება რჩება არაბალანსირებული.

არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს, ანუ ათვისება ორგანიზმის მიერ ხდება. პირღებინება და გულისრევა ძალიან იშვიათია, მაგრამ ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. ამ ეტაპზე პაციენტის ლაბორატორიული მონიტორინგი ხდება ყოველკვირეულად. უმნიშვნელო ცვლილებები არის, მაგრამ ვახდენთ კორეგირებას. ამ ფონზე ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილურად ნორმის ფარგლებში. მიუხედავად წონის კლებისა და არასრულფასოვანი კვებისა, ეს მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში რჩება“, — ამბობს მკურნალი ექიმი.

მიხეილ სააკაშვილის ენდოკრინოლოგი აცხადებს, რომ პაციენტს წონის შენარჩუნებისთვის საკმარისი საკვების მიღება სჭირდება.

„მესამედ ან მეოთხედ კალორაჟს იღებს, რაც სჭირდება ორგანიზმს ფუნქციონირებისთვის. 300-400 კალორია გამოდის, დღეში რასაც იღებს, როცა მინიმუმ 1700 მაინც სჭირდება მზარდი ტენდენციით. არის რიგი ენდოკრინოლოგიური დარღვევებისა, რომელიც მადის დაქვეითებას იწვევს, თუმცა კვლევებით ეს გამოირიცხა“, — ამბობს ენდოკრინოლოგი.

ექიმები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახის წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში უხსნიან, თუ რა საკვები უნდა მიიღოს პაციენტმა წონის შენარჩუნებისთვის, თუმცა, უშედეგოდ. ექიმის თქმით, პაციენტი კვლავ უარს ამბობს პარენტერალურ კვებაზე და ამგვარ ჩარევებზე:

„პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობების, რა პირობებშიც არის. ის ამბობს კიდეც, რომ შეიცვლება მიდგომა, როდესაც იქნება თავისუფალი. მექანიკური წინააღმდეგობა არ არსებობს და განპირობებულია ფსიქო-ემოციური ფონით, ენტერალური კვების შეთავაზება ხდება პირველ ეტაპზე. ამის შეუსრულებლობის შემთხვევაში ვცდილობთ შევავსოთ ცილოვანი დანამატებით და ასევე ვთავაზობთ პარენტერალურ კვებას, რაზეც პაციენტი კვლავ უარს აცხადებს“, – აცხადებენ ექიმები.

კლინიკის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ „ვივამედის“ ექიმები საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ მათი მიზანი თანხვედრაში არაა მეორე მხარის მიზნებთან:

„კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველივე დღიდანვე აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. შეთავაზებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. პაციენტს უტარდება ყველა საჭირო კვლევა, მაგრამ, მოგეხსენებათ, სამკურნალო პროცესი შედგება ორი კომპონენტისგან- ერთია პაციენტის მხარე, მეორე კი, სამედიცინო პერსონალი.

მე შემიძლია თამამად გითხრათ ყველა ჩვენი ექიმის სახელით, რომ ისინი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ არის მეორე მხარე, უნდა იყოს თანხვედრა იმ მიზნების, რა მიზანიც გააჩნია სამედიცინო მხარეს. ჩვენი მიზანი ნამდვილადაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება“, — ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი