საზოგადოება

თბილისში A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია მხოლოდ მას ექნება, ვინც 20 მარტამდე მოასწრებს — რა ხდება

2 თებერვალი, 2023 • 22302
თბილისში A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია მხოლოდ მას ექნება, ვინც 20 მარტამდე მოასწრებს — რა ხდება

თბილისის მერიის გადაწყეტილებით, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია მხოლოდ მასზე გაიცემა, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს, 2 თებერვალს ტაქსების რეფრომის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე ისაუბრეს.

ამასთან, 2023 წლის 20 მარტიდან თბილისის მუნიციპალიტეტი შეწყვეტს აქამდე არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემას, პირველი აპრილიდან კი დაიწყებს ნებართვების ახალი სისტემით გაცემას, რაც ითვალისწინებს ერთჯერად ლიცენზიას, რომელიც მძღოლისთვის ერთგვარ აქტივად იქცევა. კერძოდ, მძღოლს შეეძლება აღნიშნული ლიცენზიით ისარგებლოს თავად ან გაყიდოს ის.

“პირველი აპრილიდან გაცემული ნებართვები იქნება თქვენი მუდმივი საკუთრება და მეტ ლიცენზიას და ნებართვას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს”, – განაცხადა კალაძემ.

A კატეგორია მოიცავს ქალაქში მოძრავ თეთრი ფერის ტაქსებს, რომელთაც აქვთ სპეციალური მანიშნებელი – “ტაქსი თბილისი”.

ვისზე გაიცემა ნებართვები და რა ეღირება?

ნებართვები გაიცემა ყველა ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში, ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას.

ერთ ფიზიკურ პირს მხოლოდ ერთი ნებართვის მიღების უფლება ექნება.

ანუ მერიისგან ლიცენზიის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, ვინც 20 მარტამდე აიღებენ A კატეგორიის ნებართვას.

“ადამიანი, რომელიც A კატეგორიის სისტემაში არასდროს დაფიქსირებულა, სისტემა ვერ შეძლებს წაკითხვას და პირველი აპრილიდან მასზე არ დააგენერირებს ნებართვას.

თუ ნებართვის მიღების სურვილი გაქვთ, საჭიროა 20 მარტამდე მისი აღება, დაფიქსირდეთ A კატეგორიის ბაზაში და პირველი აპრილიდან ახალი სისტემით გათვალისწინებულ ნებართვას მიიღებთ”, – განმარტა ხმალაძემ.

A კატეგორიის ნებართვის საფასური კვლავ უცვლელი დარჩება. კერძოდ, ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება, რომელიც ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის შეადგენს – 100 ლარს, ჰიბრიდებისთვის – 50 ლარს, ელექტრომობილებისთვის კი უფასოა, უცვლელი დარჩება, თუმცა გადანაწილდება დღიურ გადახდაზე.

რეფორმა A კატეგორიის მძღოლებისთვის არ ითვალისწინებს რაიმე დამატებითი გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას. ამასთან, რეფორმის ფარგლებში არ არის დაწესებული ასაკობრივი ზღვარიც.

რაც შეეხება B კატეგორიას, მასთან დაკავშირებული ნებართვები უცვლელი რჩება.

როგორ შეძლებთ ნებართვით სარგებლობას?

A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად ისარგებლონ ან სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით გაყიდონ ან იჯარით გასცენ ნებართვა.

ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება ელექტრონულ ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge.

აღნიშნული ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით შესაძელებელი იქნება პირადი პროფილის მართვა, ლიცენზიის ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა, კუთვნილ ნებართვაზე იჯარით გათვალისწინებული მძღოლის ან სატრანსპორტო საშუალების მიბმა ან მოხსნა.

ლიცენზიის მიღების შემდეგ მისი გააქტიურება მფლობელს შეუძლია ერთი წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, რაც გულისხმობს ნებართვის კონკრეტულ ავტომობილზე მიბმას. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის შემდეგ პირს გააქტიურებული არ ექნება ლიცენზია, მას ყოველდღიურად დაეკისრება გადასახადი – 3 ლარი.

პრეზენტაციაზე არ დაუკონკრეტებიათ, თუ რამდენად შეძლებს ლიცენზიის მფლობელი მის გაყიდვას, თუმცა თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ “ეს ნებართვა არა 1000 და 2000”, არამედ “გაცილებით მეტი ეღირება”.

გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, მერია გეგმავს, რომ პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, ავტობუსის ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმის მიზნით, [ბასლეინი] გადასვლის და გაჩერების უფლება ჰქონდეთ.

რამდენი A კატეგორიის ტაქსი იქნება დედაქალაქში

მერიის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპზე, A კატეგორიის ტაქსებისთვის ამ დრომდე გაცემულია  19 348 ნებართვა. თუმცა 20 მარტამდე ნებართვის მიღება კვლავ შესაძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი