საზოგადოება

სააკაშვილის შიმშილობამდე ქვეყანაში კვების აღდგენის პროტოკოლი არ არსებობდა

1 თებერვალი, 2023 • 1081
სააკაშვილის შიმშილობამდე ქვეყანაში კვების აღდგენის პროტოკოლი არ არსებობდა

ირკვევა, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ კვების აღდგენის (ე.წ. რეფიდინგის) მართვის პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტრომ 2021 წელს, მიხეილ სააკაშვილის მიერ პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტის პერიოდში დაამტკიცა. მანამდე ასეთი პროტოკოლი ქვეყანაში არ არსებობდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნებიდან მალევე, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააპატიმრეს, მიხეილ სააკაშვილი რუსთავისა და გლდანის ციხეებში 50 დღის მანძილზე შიმშილობდა. შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, 19 ნოემბერს, ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც კვება უნდა დაეწყო და მკურნალობის კურსი გაევლო.

სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან ციხეში იმავე წლის დეკემბრის მიწურულს დააბრუნეს, მაისში კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, კლინიკა “ვივამედში” მოათავსეს.

იმ ექსპერტების მიხედვით, რომლებმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს და სასამართლოსთვის დასკვნაც მოამზადეს, სააკაშვილის ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, კვების აღდგენის (ე.წ. რეფიდინგის) პროცესი, სათანადო გამოცდილების არარსებობის ფონზე, დარღვევებით წარიმართა.

ამ საკითხის შესახებ მათ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ილაპარაკეს.

რა თქვეს სპეციალისტებმა პროცესზე

30 იანვრის პროცესზე სასამართლომ მოუსმინა “ემპათიის” სპეციალისტებს — ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილსა და გასტროენტეროლოგ მანანა კვარცხავას.

ჯავაშვილის შეფასებით, გორის ჰოსპიტალში, სადაც ექსპრეზიდენტი 2021 წლის 19 ნოემბერს, 50-დღიანი  შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ გადაიყვანეს, კვების აღდგენის პროცესი “არასაკმარისად კარგად” წარიმართა და მისი დაგეგმვა-განხორციელებისას კონკრეტული პაციენტის ანამნეზი არ გაითვალისწინეს.

“ჩემი მოვალეობა იყო, წონის დინამიკისთვის მედევნებინა თვალი. მისი წონა ციხეში მოხვედრის მომენტში იყო 115 კილოგრამი. ორ-სამი დღის წინ პაციენტის წონა იყო 69 კილოგრამი”, — დასძინა მან სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას.

მანანა კვარცხავა და ლალი ჯავაშვილი

ამ პროცესზე გასტროენტეროლოგმა მანანა კვარცხავამაც კრიტიკულად ისაუბრა, დასძინა რა, რომ შიმშილობის შემდეგ  “რეფიდინგის” თერაპია გორის ჰოსპიტალში დარღვევებით მიდიოდა, გათვალისწინებული არ ყოფილა პაციენტის პრემორბიდული მდგომარეობა და ინდივიდუალური თავისებურება.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვების აღდგენითი თერაპიის მხრივ საქართველოში პირველი პაციენტი იყო და სწორედ ამ პერიოდში დაამტკიცა ჯანდაცვის სამინისტრომ “რეფიდინგის” პროტოკოლი, მანამდე კი ასეთი პრაქტიკა არ ყოფილა.

ურთქმელიძის კითხვები

გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის “რეფიდინგის” თემაზე კითხვები სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, მალხაზ ურთქმელიძემ დასვა. იმ პერიოდში, როცა სააკაშვილს მკურნალობდნენ, ურთქმელიძე გორის ჰოსპიტლის დირექტორი იყო.

პროცესზე ის დაინტერესდა, ლაბორატორიული მონაცემები თუ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ “რეფიდინგი” არასწორად წარიმართა.

“პირველ რიგში, კლინიკური მაჩვენებლები გვაძლევს ამის [თქმის] საშუალებას… რეფიდინგის დაწყებიდან მეათე დღეს დღიური კალორაჟის 4 000 კალორიამდე ასვლა პრაქტიკულად იყო მიზეზი იმისა, რაც შემდეგ წარიმართა”, — უპასუხა ენდოკრინოლოგმა, რაზეც ურთქმელიძემ მიუგო:

“თქვენ ბრძანეთ, კლინიკური გამოვლინებაო. რა იყო კლინიკური გამოვლინება?”

“კლინიკური გამოვლინება ის იყო, რომ ადამიანი აგრძელებდა კვებას, 4 000 კილოკალორიას იღებდა ყოველდღე და მან დაიწყო წონის კლება. აი, ეს არის კლინიკური გამოვლინება, რომ 4 000 კილოკალორიის მიღების მიუხედავად პაციენტმა დაიწყო წონის კლება, რომელიც არ გაჩერებულა დღემდე”, — მიუგო ჯავიშვილმა.

მალხაზ ურთქმელიძე

ამავე პროცესზე ურთქმელიძემ რამდენჯერმე მიანიშნა, რომ გორის ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ სააკაშვილმა წონაში მოიმატა და ნორმაშიც იყო. ის მას შემდეგ  გაუარესდა, რაც ექსპრეზიდენტმა ისევ დაიწყო შიმშილობა. ურთქმელიძის თქმით, 2022 წლის 22 თებერვალმდე — მანამ, სანამ სააკაშვილი შიმშილობის მორიგ ეპიზოდს  გამოაცხადებდა — ის 112 კგ-ს იწონიდა.

“მერე ისევ დაიწყო შიმშილი და შიმშილობდა 10 მარტამდე. ეს ოფიციალურად ასეა. და წონაც არა უშავდა”, — დასძინა მან.

ურთქმელიძე დაინტერესდა, რატომ მიიჩნევდა ენდოკრინოლოგი შეცდომად გორის ჰოსპიტალში ე.წ. რეფიდინგის  “შედარებით სწრაფად” ჩატარებას.

“იმიტომ, რომ არ იყო გათვალისწინებული მისი ანამნეზური დეტალები…” ,— უპასუხა ჯავაშვილმა.

ენდოკრინოლოგის თქმით, “რეფიდინგისადმი” კუჭის ლორწოვანის მიმღებლობა იმ მდგომარეობაში, რომელიც სააკაშვილს აღენიშნებოდა, ბევრად უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ჯანმრთელი კუჭის შემთხვევაში იქნებოდა.

“მე არ მითქვამს, რომ [რეფიდინგი] ჩატარდა ცუდად. მე ვთქვი, რომ არასაკმარისად კარგად ჩატარდა”, — დაამატა ჯავაშვილმა.

“ნეტგაზეთს” სურდა, ლალი ჯავაშვილისა და მანანა კვარცხავას განცხადებებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიცია უფრო ნათლად მოესმინა. მალხაზ ურთქმელიძემ ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა, პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ პასუხების მისაღებად უწყებას ოფიციალურად უნდა მივმართოთ.

რა ხდებოდა მანამ, სანამ პროტოკოლი არ არსებობდა

ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრის ეკა ტიკარაძის ბრძანება, რომლითაც “შიმშილობის პროცესში პაციენტის მდგომარეობის და შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ კვების აღდგენის მართვის” სახელმწიფო სტანდარტი დამტკიცდა, 2021 წლის 27 ნოემბრით თარიღდება. შესაბამისად, ეს მოხდა მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტიდან 8 დღის შემდეგ.

“ეს პროტოკოლი არ არსებობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სფეროში და სასწრაფოდ იქნა მიღებული, რომ იურიდიულად ყოფილიყო გამართული [სააკაშვილის] საქმე”, — დასძენს ნეტგაზეთთან საუბრისას ლალი ჯავაშვილი.

მისი სიტყვებით, უამრავი პროტოკოლი არსებობს ძირითადი დაავადებებისთვის, რომლებიც “ქრონიკული პათოლოგიებია და ექიმების მასას სჭირდება”, თუმცა ასევე მოიძებნება უამრავი პროტოკოლი, რომლებიც არ არსებობს, “მანამ არ დადგება [მათი] სასწრაფოდ შესრულების საჭიროება”.

“50-დღიანი შიმშილობის პრეცედენტი საქართველოში იქამდე არ ყოფილა. სააკაშვილამდეც ყოფილა არაერთი შიმშილობა, მათ შორის, მას შემდეგაც, როცა 3 პარლამენტარი შიმშილობდა იმისთვის, რომ სააკაშვილი გათავისუფლებულიყო ან გადაეყვანათ შესაბამის კლინიკაში. მე მათ ვკურირებდი. როგორც კი დაირღვა პირველის პარამეტრები, მომენტალურად შევაწყვეტინე შიმშილობა და გავუშვი კლინიკაში რეაბილიტაციისთვის.

ეს გამოცდილება ნებისმიერ გამოცდილ ენდოკრინოლოგს გააჩნია. ამისთვის რაიმე ტიპის პროტოკოლის საჭიროება არც ყოფილა და არც არავის მოსვლია თავში აზრად, რომ გაკეთებულიყო. ერთადერთი, სწორედ იმ განსაკუთრებულად მძიმე და რეზონანსული საქმის გამო, რომელიც ეხებოდა ბატონ მიხეილს [სააკაშვილი], სასწრაფოდ იქნა შემუშავებული”, — დასძენს ენდოკრინოლოგი.

მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე 

ხსენებულ პროტოკოლთან დაკავშირებით სააკაშვილის პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა გასტროენტეროლოგ მანანა კვარცხავას ჰკითხა. მანამდე სწორედ კვარცხავამ გაუსვა ხაზი, რომ პროტოკოლი 2021 წელს დაამტკიცეს.

კვარცხავას ნათქვამზე, რომ პროტოკოლის მიღებამდე საქართველოში შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვა არ ხდებოდა, აბრამიშვილმა იკითხა:

“ადამიანი რომ შიმშილობდა, რა შედეგით სრულდებოდა? ყველა შემთხვევაში შედეგი ლეტალური იყო?”

“არა, ყველა შემთხვევაში ლეტალური არ იქნებოდა, მაგრამ აქ არის სხვა გარემოებები, რომლებიც ამძიმებს შიმშილობის შემდგომ მდგომარეობას”, — დასძინა კვარცხავამ.

აბრამიშვილის დამაზუსტებელ კითხვას — “ქართული გაიდლაინის არარსებობა გამორიცხავს, მაგალითად, საერთაშორისო ან უცხოური გაიდლაინით ხელმძღვანელობას?” — კვარცხავამ უპასუხა:

“რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს”.

“ნეტგაზეთმა” ჯანდაცვის სამინისტროს ჰკითხა, პროტოკოლის დამტკიცებამდე როგორ მართავდნენ მსგავს შემთხვევებს. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებდნენ.

“შეცდომა იყო გორში გადაყვანა”

ლალი ჯავაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ 50-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა “შეცდომა იყო”. მისი სიტყვებით, ჰოსპიტალს პროცესის მარვთის “არანაირი გამოცდილება” არ ჰქონია.

“არც საშუალო პერსონალს, არც უფროს სამედიცინო, ანუ საექიმო პერსონალს… მათ არ ჰქონდათ ამის გამოცდილება. ჩვენ ეს ვიცოდით და ამიტომაც ვითხოვდით, რომ პაციენტი გადაეყვანათ შესაბამისი პროფილის დაწესებულებაში — იქ, სადაც ჰქონდათ ამის გამოცდილება”, — დასძენს ის.

ლალი ჯავაშვილი სასამართლო პროცესზე 

ჯავაშვილის თქმით, საქართველოში არ არსებობს ისეთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც თითქმის 2-თვიანი შიმშილობის შემდეგ, პაციენტის რეაბილიტაციას უზრუნველყოფდა.

“იმიტომაც ვითხოვდით უცხოეთში გადაყვანას თავის დროზე. კომპლექსური ბრიგადა, რომელიც შედგება რამდენიმე პროფილის ექიმისგან, გააჩნია მძლავრი რეანიმაციული განყოფილება, გააჩნია ძალიან კარგი კვების ბლოკი და გარედან მშობლებს არ ექნებათ სატარებელი საკვები… ასეთი ორგანიზაცია საქართველოში არ არსებობს ჯერჯერობით. ვისი ბრალია? ესეც არის ჯანდაცვის სამინისტროს ბრალი”, — აღნიშნავს ჯავაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი