კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა მიმდინარე პროცესებით და საკვების მიღება შეამცირა.
ჩხაიძე ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა და პაციენტი ექიმების რეკომენდაციებს არ დაემორჩილა, შესაძლოა ფატალური შედეგი დადგეს. ის ექს-პრეზიდენტის დედას — გიული ალასანიას, ახლობლებს და თანაპარტიელებს მოუწოდებს, დაარწმუნონ მიხეილ სააკაშვილი, რომ ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს.
ზურაბ ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპამდე კოვიდინფექცია სააკაშვილთან გამოხატულია შედარებით მსუბუქი ფორმით — სატურაცია, ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და არ საჭიროებს დამატებითი ჟანგბადის მიწოდებას.
„მაგრამ ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ; უკმაყოფილებას გამოთქვამს თუნდაც ამ კოვიდშეფასების მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ საკვებს იღებს არა იმ რაოდენობით და კალორაჟით, რაც არის რეკომენდებული. ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ მან საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის მიღება, საკვების მიღება. საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა. კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც აუცილებელია მისი ორგანოების ფუნქციონირებისთვის, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა“, — განუცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ თუ ეს ასე გაგრძელდება, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
„მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, შესრულებული იყოს ექიმების რეკომენდაცია, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან მართლა შეიძლება მიიყვანოს ფატალურ შედეგამდე“, — თქვა ჩხაიძემ.
მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ახლა იწონის 69 კგ-ს და 700 გრამს.
„თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68კგ, ზეგ — 65“, — დასძინა ჩხაიძემ.
ზურაბ ჩხაიძე არ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს.
„შეამცირა რასაც იღებდა ისიც. როდესაც იღებს საკვებს მცირე რაოდენობით, ირგებს იმ რაოდენობას. ყლაპვის ფუნქციის გაძნელება არ არსებობს. თვითონ აცხადებს, რომ პროტესტს გამოხატავს ამ ფორმით. მიზანმიმართულად უარს აცხადებს, გამოხატავს უკმაყოფილებას მიმდინარე პროცესების მიმართ“, — აცხადებს ჩხაიძე.
გიული ალასანია, რომელიც „ვივამედში“ მივიდა, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ კი არა, ვერ ჭამს.
ამავდროულად, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას ითხოვს. კლინიკაში კი აცხადებენ, რომ სააკაშვილის პალატა აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით და რეანიმაციაში გადაყვანის კლინიკური მაჩვენებლები და საჭიროება არ არის.