თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის განხილვა გრძელდება.
მიხეილ სააკაშვილი პროცესს არ ესწრება — მან დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა, სასამართლოში ტრანსპორტირების რეკომენდაცია კი ექიმებმა არ გასცეს. პენიტენციური სამსახურისა და თავად სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი ოქმი მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა.
„მსჯავრდებულისათვის შეთავაზებული იქნა პროცესზე დისტანციურად ჩართვა, რაზეც მან უარი განაცხადა და ითხოვს სასამართლოზე წარდგენას. მკურნალი ექიმი მსჯავრდებულს არ აძლევს სასამართლოზე ტრანსპორტირების რეკომენდაციას“, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ სასამართლოში წარდგენილ ოქმზე.
მოსამართლის თანახმად, ოქმზე არის ასევე სააკაშვილის მინაწერი: „მზად ვარ მისასვლელად. ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს“.
„ვივამედიდან“ სასამართლოში წარდგენილი ცნობის თანახმად კი, ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად სააკაშვილის ტრანსპორტირებას მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. ამის ფარგლებში სასამთლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა.







