საზოგადოება

მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოექცეს — პრაისი

21 დეკემბერი, 2022 • 650
მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოექცეს — პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილს მოეპყროს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის, უზრუნველყონ დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევა.

ნედ პრაისს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, დაუკავშირდა თუ არა საელჩო ან დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის თემაზე.

„საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული და მან მიიღოს ყოველგვარი ზრუნვა, რაც ესაჭიროება“, — თქვა ნედ პრაისმა.

სააკაშვილის მდგომარეობა

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის მაისში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. (კახექსია — ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება)

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

დეპუტატების მიერ შიმშილობის დაწყებამდე, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის კადრები, რომლებიც კლინიკა “ვივამედში” სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული.

პენიტენციური სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელებას და ამბობს, რომ კადრები “სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს” ასახავს.

სახალხო დამცველის შეფასებით, ხსენებული კადრები სიმულაციების მტკიცებულებას არ შეიცავს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე შესწავლა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი