საზოგადოება

რუსეთში ღალატის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს – მედია

20 დეკემბერი, 2022 • 1155
რუსეთში ღალატის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს – მედია

21 წლის რუსი აქტივისტი საველი ფროლოვი, რომელსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს, FSB-მ დააკავა და რუსეთში ბრალი სამშობლოს ღალატისთვის წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფონდი „თავისუფალი რუსეთის“ სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი ეგორ კუროპტევი ავრცელებს.

კუროპტევის თქმით, ფროლოვი ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 29 სექტემბერს არ შემოუშვეს, მას შემდეგ კი, რაც ოქტომბრის ბოლოს ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტით აქტივისტი საქართველოში შემოსვლას მეორედ ცდილობდა, ის დააკავეს და ბრალი ღალატის მუხლით წაუყენეს.

ასეთივე ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა The Insider-იც.

გამოცემა წერს, რომ 21 წლის პირი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ავტობუსში დააკავეს და მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. თავდაპირველად ფროლოვს 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს საჯარო თავშეყრის ადგილას გინების ბრალდებით, 31 ოქტომბერს კი აქტივისტმა მშობლებს დაურეკა და უთხრა, რომ ვლადიკავკაზის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა.

12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ფროლოვს ბრალს ღალატში სდებდნენ, ამავე დღეს მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

საველი ფროლოვის მეგობრის, ნიკიტას თქმით, ფროლოვისთვის ბრალის წარდგენამდე FSB-ს ოფიცრები მის სახლშიც მივიდნენ და მობილური ტელეფონის ჩაბარება მოსთხოვეს. ნიკიტას თქმით, რომელიც ამჟამად რუსეთში აღარ იმყოფება, მას შემდეგ, რაც მოწყობილობაზე ბლოკის მოხსნაზე უარი განაცხადა, ოფიცრებმა ის სხვა ოთახში გაიტანეს და მისთვის უცნობი მოწყობილობების მეშვეობით ცდილობდნენ მონაცემების მოპოვებას.

ნიკიტა The Insider-თან აცხადებს, რომ მისთვის უცნობია მოახერხეს თუ არა FSB-ს თანამშრომლებმა მის ტელეფონში შეღწევა, თუმცა აღნიშნავს, რომ ფროლოვთან დაკავშირებითაც უსვამდნენ შეკითხვებს. მისი თქმით, ერთ-ერთმა ოფიცერმა უთხრა, რომ მათი ინფორმაციით, ფროლოვი უკრაინის მხარეს აპირებდა ბრძოლას.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახური ნიკიტას ედავება ანტისაომარ მოქმედებებს და უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მსურველთა გაწვრთნას.. გამოცემა აღნიშნავს, რომ FSB-სთან პირველი შეხვედრის შემდეგ ნიკიტამ ქვეყნის დატოვება შეძლო და ამჟამად რუსეთის საზღვრებს მიღმა იმყოფება.

„ნეტგაზეთი“ რუსი აქტივისტისთვის საქართველოს საზღვარის კვეთაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითა, შეესაბამებოდა თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს და რა იყო აღნიშნულის მიზეზი. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი