საზოგადოება

უკრაინა ქართულ მხარეს სააკაშვილის სასჯელის გადავადებისკენ მოუწოდებს

15 დეკემბერი, 2022 • 1564
უკრაინა ქართულ მხარეს სააკაშვილის სასჯელის გადავადებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ დააკმაყოფილოს სააკაშვილის მოთხოვნა სასჯელის გადავადების შესახებ, რათა მას ევროპაში ან ამერიკაში მკურნალობის საშუალება მიეცეს.

„ღრმად შეშფოთებული ვართ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო, რომელიც ამ წუთებში თბილისის სამედიცინო ცენტრში, „ვივამედში“ იმყოფება.

უკრაინის მოქალაქის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, გაუწიოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების თხოვნა, რათა შემდგომში გადაიყვანონ ევროპის ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან წვდომის საშუალება მისცეს უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დმიტრო ლუბინეცს.

უკრაინა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, კერძოდ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი