საზოგადოება

კანდიდატებისგან ველით, რომ ჩვენს სანქციების და სავიზო პოლიტიკას შეურთდებიან — შოლცი

7 დეკემბერი, 2022 • 683
კანდიდატებისგან ველით, რომ ჩვენს სანქციების და სავიზო პოლიტიკას შეურთდებიან — შოლცი

ევროკავშირი ელის, რომ გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები ბლოკის სანქციების პოლიტიკას შეუერთდებიან.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის ფარგლებში განაცხადა, აღნიშნა რა, რომ სერბეთის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ბრიუსელისგან განსხვავებული რჩება.

ოლაფ შოლცის თქმით, იგივე ეხება სავიზო პოლიტიკას.

„ჩვენ გვჭირდება ერთიანი მიდგომა“, — თქვა მან.

ალბანეთში, ტირანაში გამართულ სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ პარტნიორობას დასავლეთ ბალკანეთის ბლოკის წევრებთან. დასავლეთ ბალკანეთის 4 ქვეყანა (ალბანეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია) ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, ორი (ბოსნია და ჰერცოგოვინა და კოსოვო) კი — პოტენციური კანდიდატი. დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების ნელი პროცესი გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. განიხილება კანდიდატის სტატუსის მინიჭება ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის, რომელიც 2003 წლიდან არის პოტენციური კანდიდატი. სერბეთს ევროკავშირი მოუწოდებს, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

ტირანას სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში, ასევე, ხაზი გაესვა პარტნიორების თავსებადობის მნიშვნელობას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.

„ევროკავშირთან ერთად დგომა პარტნიორების სტრატეგიული ორიენტაციის აშკარა ნიშანია, ახლა უფრო მეტად მას შემდეგ, რაც რუსეთი ამძაფრებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მომავლის საერთო ხედვა მოიცავს ორმხრივ პასუხისმგებლობას და საერთო ღირებულებებს. ჩვენ ვიღრმავებთ თანამშრომლობას პარტნიორებთან, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, მიაღწიონ სწრაფ და მდგრად პროგრესს სრულ თანხვედრაში ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) და იმოქმედონ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან შესაბამისობაში. ჩვენ მივესალმებით დასავლეთ ბალკანეთის იმ პარტნიორებს, რომლებიც უკვე ახდენენ თავიანთი სტრატეგიული ვალდებულების დემონსტრირებას ევროკავშირის CFSP-თან სრულ შესაბამისობაში მოყვანით და მოვუწოდებთ იმავისკენ მათ, ვინც ეს არ გააკეთეს“, — ნათქვამია დეკლარაციაში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა რეგიონში გავლენისთვის ბრძოლასა და ამით მხარეების მკაფიოდ არჩევის აუცილებლობაზე.

„ჩვენ ძალიან ნათლად ვამჩნევთ, რომ უკრაინის ომი არ არის მხოლოდ რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არამედ საკითხი დგას ასე — გაიმარჯვებს ავტოკრატია და უძლიერესთა კანონი თუ გაიმარჯვებს დემოკრატია და კანონის უზენაესობა. და ეს ბრძოლა შესამჩნევია დასავლეთ ბალკანეთშიც. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელ მხარეს ხართ“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი