საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთოხების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზურაბ ჯაფარიძის ცოლი ნატა ქორიძე ამბობს, რომ 17-წლიანი საქმიანობის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს.
„დიდხანს ვიფიქრე, რა და როგორ დამეწერა. და დავწერ მარტივად. გასულ კვირას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან გამათავისუფლეს: რეორგანიზაციის შედეგად შენი თანამდებობა (უსაფრთოხების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია) უქმდებაო. ვისაც უმუშავია სახელმწიფო სექტორში, იცის, სიტყვა რეორგანიზაცია განსაკუთრებული, ორაზროვანი შინაარსის მატარებელია. ასე იყო და ასე დარჩა“, — წერს ქორიძე.
ნატა ქორიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 17 წლის წინ, კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, ატაშეს (ყველაზე დაბალი დიპლომატიური პოსტი) პოზიციაზე, კონკურსის გავლით და ყველა წესის დაცვით დაიწყო.
„ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო, საჭირბოროტო და საკვანძო მიმართულებებზე: ევროინტეგრაციაზე, რუსეთთან კონფლიქტის და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე, ხოლო ბოლო 10 წელი — ნატოში ინტეგრაციაზე. დიდი ბედნიერებაა, როცა მუშაობ რაღაც დიდი მიზნის მისაღწევად, რომლისაც გჯერა მთელი გულით, და გრძნობ, რომ შენი ცოდნა, უნარები და გამოცდილება შეგიძლია მოახმარო ამ მიზანს. და ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც გრძნობ, რომ ამ ცოდნის და გამოცდილების გამოყენებაზე მოთხოვნა არსებობს. არ მეგონა, რომ ასე დასრულდებოდა ჩემი საქმიანობა ჩემს სამინისტროში. ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა მინდა“, — აცხადებს ნატა ქორიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატის განთავისუფლებას რეორგანიზაციას უკავშირებს.
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანახმად, „სამინისტროს ცენტრალურ აპარატში რეორგანიზაცია გამოცხადდა მ.წ. სექტემბერში“.
„აღნიშნულის მიზეზი გახდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე რიგი სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების საჭიროება, მათი გამსხვილება დეპარტამენტიდან დირექტორატის ფორმატში, რამაც მოითხოვა შესაბამისი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. მათ შორის ცვლილება შეეხო დეპარტამენტს, სადაც საქმიანობდა ჩვენი კოლეგა ქ-ნი ნატა ქორიძე.
კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის აღსრულება არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება, სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, აღნიშნულმა ცვილილებამ გამოიწვია აქამდე დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, მათ შორის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციის გაუქმება.
დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ეცნობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს კანონით დადგენილ ვადებში. მათ შორის ქ-ნ ნატა ქორიძეს გაფრთხილება სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მიუვიდა კანონით დადგენილ ვადებში და ასევე ეცნობა რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ კომენტარში.
“ჯერ იყო ჩემი ძმა, ახლა ჩემი მეუღლე. ძალიან გამიმართლა ორივეში”, – ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს ზურაბ ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძის ძმა გია ჯაფარიძეც ყოფილი დიპლომატია, ამჟამად ჭავჭავაძის ცენტრში მუშაობს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ის ასრულებდა კვიპროსის რესპუბლიკასა (2012-2013) და პორტუგალიის რესპუბლიკაში (2010-2011) საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას, ასევე მუშაობდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სექციაში და ათენსა და ლისაბონში საქართველოს საელჩოებში მრჩევლის თანამდებობაზე.