საზოგადოება

სუნაკი უკრაინას £50 მილიონიან დახმარებას შეჰპირდა თავდაცვის საჭიროებებისთვის

19 ნოემბერი, 2022 • 995
სუნაკი უკრაინას £50 მილიონიან დახმარებას შეჰპირდა თავდაცვის საჭიროებებისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას თავდაცვის საჭიროებებისთვის £50 მილიონიან დახმარებას შეჰპირდა. რიში სუნაკი კიევში 19 ნოემბერს იმყოფებოდა.

სუნაკი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და დასძინა, რომ მისი ქვეყანა კვლავ იდგება უკრაინის გვერდით.

“ომის პირველი დღეებიდან უკრაინა და დიდი ბრიტანეთი იყვნენ უძლიერესი მოკავშირეები”, — დასძინა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.

BBC-ის მიხედვით, 50 მილიონიანი დახმარების პაკეტი რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიებისთვის არის განკუთვნილი.

ის მოიცავს  125 ერთეულ საზენიტო იარაღს, ისევე როგორც, ტექნოლოგიას ირანის მიერ რუსეთისთვის მიწოდებული დრონების მოსაგერიებლად, მათ შორის, ათეულობით რადარს.

სუნაკის თქმით, გაერთიანებული სამეფო გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვრთნის მიმართულებასაც; რეგიონში არმიის მედიკოსებსა და ინჟინრებს გაგზავნის სპეციალიზებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამდე, ნოემბრის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ უკრაინას 1 000 ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტას გაუგზავნიან.

უკრაინის დედაქალაქში ვიზიტისას სუნაკმა ყვავილებით შეამკო ჰოლოდომორის დროს დაღუპულთა მემორიალი, მანამდე კი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

“ვამაყობ იმით, თუ როგორ იდგა დასაწყისშივე დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით. და მე დღეს ვარ აქ, რათა ვთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები კვლავ იდგებიან უკრაინასთან, რადგან ის იბრძვის ამ ბარბაროსული ომის დასასრულებლად და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად”, — დასძინა მან.

რიში სუნაკის თქმით,  “მაშინ, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ახერხებენ რუსეთის ძალების უკუგდებას ხმელეთზე, მშვიდობიანი მოქალაქეები სასტიკად იბომბებიან ჰაერიდან”.

“ჩვენ დღეს უზრუნველვყოფთ ახალ საჰაერო თავდაცვას, მათ შორის საზენიტო იარაღს, რადარს და დრონის საწინააღმდეგო აღჭურვილობას, ასევე, ვაძლიერებთ ჰუმანიტარულ დახმარებას ცივი, მძიმე ზამთრისთვის, რომელიც წინაა”, – აღნიშნავს რიში სუნაკი.

მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა განახორციელა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე. აღნიშნულს წინ უძღოდა რუსების უკან დახევა ქალაქ ხერსონიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი