საზოგადოება

ოპოზიცია სახალხო დამცველად არასამთავრობოების მხარდაჭერილ კანდიდატებს წარადგენს

18 ოქტომბერი, 2022 • 1121
ოპოზიცია სახალხო დამცველად არასამთავრობოების მხარდაჭერილ კანდიდატებს წარადგენს

საპარლამენტო პარტიები — „საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ — სახალხო დამცველობის კანდიდატებად წარადგენენ იმ სამ ადამიანს, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაუჭირეს მხარი — ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს.

18 ოქტომბერს, კონსულტაციების შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების ნდობას მხოლოდ სწორედ ეს სამი კანდიდატი იმსახურებს.

ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა: „დაპირებისამებრ, საპარლამენტო ოპოზიციის ყველა სუბიექტი წარვადგენთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენილ კანდიდატურებს“.

ბექა ლილუაშვილმა, პარლამენტარმა პარტიიდან, „საქართველოსთვის“, „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ პარტიამ თავიდანვე დაუჭირა მხარი არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებულ კანდიდატებს და ახლაც ამ აზრზეა.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს.

დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

შეფასების სამუშაო ჯგუფმა სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველი 19 კანდიდატის შეფასება რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს ანა აბაშიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა, ნუგზარ კოხრეიძემ და გიორგი ბურჯანაძემ (მოქმედი ომბუდსმენის პირველი მოადგილე).

კომისიის შეფასებების შემდეგ, პარლამენტში წარმოდგენილმა სუბიექტებმა საკანონმდელბლო ორგანოს 21 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინონ  მინიმუმ 7 კანდიდატი ასარჩევად.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატს არ დაასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი