საზოგადოება

რუსეთმა და ყაზახეთმა ერთმანეთის ელჩები დაიბარეს, უთანხმოების მიზეზი უკრაინელი დიპლომატია

5 ოქტომბერი, 2022 • 1118
რუსეთმა და ყაზახეთმა ერთმანეთის ელჩები დაიბარეს, უთანხმოების მიზეზი უკრაინელი დიპლომატია

რუსეთსა და ყაზახეთს შორის უკრაინის ელჩის საკითხზე დიპლომატიური დაძაბულობაა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებში ერთმანეთის ელჩები დაიბარეს.

უკრაინის ელჩმა ყაზახეთში პიოტრ ვრუბლევსკიმ ჯერ კიდევ 21 აგვისტოს, ბლოგერ დიას კუზაიროვთან ინტერვიუში გააკეთა განცხადება, რომლის გამოც მოსკოვმა მისი ყაზახეთიდან გაძევება მოითხოვა. ვრუბლევსკიმ თქვა:

„ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი მათგანი მოვკლათ. რაც უფრო მეტ რუსს დავხოცავთ ახლა, მით უფრო ნაკლების მოკვლა მოუწევთ ჩვენს შვილებს. სულ ეს არის“.

სექტემბრის დასაწყისში ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა, რომ ვრუბლევსკიმ ბოდიში მოიხადა ამ განცხადების გამო. მოგვიანებით, რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ვრუბლევსკი ყაზახეთიდან ხელისუფლების მოთხოვნით გააძევეს, თუმცა ეს ინფორმაცია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო. სმადიაროვმა თქვა, რომ ყაზახეთს არანაირი მოთხოვნა არ დაუყენებია ვრუბლევსკის გაძევებასთან დაკავშირებით და დიპლომატი შვებულებაში იმყოფებოდა.

„სავსებით შესაძლებელია, რომ მას ახლა კონსულტაციები აქვს თავის მომავალ კარიერასთან დაკავშირებით“, — განაცხადა სმადიაროვმა ბრიფინგზე.

4 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი „აღშფოთებულია“ იმით, რომ უკრაინის ელჩი, მისი განცხადებებიდან თვე-ნახევრის შემდეგ, „აგრძელებს დიპლომატიურ მიღებებზე დასწრებას, როგორც დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის“. მან ყაზახეთი დაადანაშაულა დაპირების შეუსრულებლობაში, რომ ვრუბლევსკი „უმოკლეს დროში დატოვებდა ყაზახეთს. ზახაროვამ თავის განცხადებაში მოითხოვა უკრაინის ელჩის გაძევება და თქვა, რომ ყაზახეთმა კუდში არ უნდა სდიოს ნეონაცისტურ რეჟიმს. მისივე ინფორმაციით, უკრაინის ელჩთან დაკავშირებით „მიუღებელ სიტუაციაზე“ ყაზახეთის ელჩი რუსეთში იერმეკ კოშერბაევი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

მარია ზახაროვას განცხადების გამო, ასტანამ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა რუსეთის ელჩი ყაზახეთში ალექსეი ბოროდავკინი.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ზახაროვას კომენტარის ტონი „შეუსაბამოა ყაზახეთსა და რუსეთს, როგორც თანაბარ სტრატეგიულ პარტნიორებს, შორის მოკავშირეების ურთიერთობების ბუნებასთან“.

სმადიაროვმა დაადასტურა, რომ უკრაინის ელჩი ყაზახეთში პიოტრ ვრუბლევსკი უახლოეს მომავალში ნამდვილად დატოვებს თანამდებობას.

„ამჟამად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულია მოთხოვნა ასტანაში ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინულ მხარესთან გვაქვს სრული ურთიერთგაგება ამ საკითხთან დაკავშირებით“, — დასძინა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი