დღეს, 19 სექტემბერს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პროდასვლური ოპოზიციური პარტიები საერთო პროევროპული მოძრაობის შექმნას განიხილავენ.
ასე უპასუხა ვაშაძემ კითხვას იმის შესახებ, შესაძლოა თუ არა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ლელოსა“ და „გირჩი- მეტი თავისუფლებასთან“ ერთად გაერთიანდეს
„ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო პროევროპული მოძრაობა, რომელშიც ვთანამშრომლობთ ყველა პროდასავლურ ძალასთან, სიღრმისეული თანამშრომლობა გვაქვს ამ პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა. ეს უნდა იყოს პოლიტიკურ- საზოგადოებრივი ფართომასშტაბიანი მოძრაობა, რომ ჩიხში მყოფი საქართველო გადარჩეს ამ პრორუსული ძალისგან, რომელიც ხელისუფლებაშია. ბევრი სინერგია გვაქვს. ეს ვერ იქნება კოალიცია, დღეს არჩევნები არ არის. დაელოდეთ, ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს, ჩვენი სტრატეგიაა ყოველდღიური ქმედებები და არა წინასწარი განცხადებები“, – განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, თუ კოალიცია არ იქნება, შეიძლება თუ არა ერთ პარტიად გაერთიანდნენ, ვაშაძე პასუხობს:
„აბსოლუტურად სხვა რამ ვთქვი. ჩვენ ახლა ვმუშაობთ საერთო პროევროპულ მოძრაობაზე. შესაბამისად, გვაქვს ნაბიჯები და ქმედებები, რომელიც გვექნება და საქართველოს დაიხსნის პრორუსული „ქართული ოცნებისგან“ და მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს ხალხს. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ვაშაძემ.
გასულ კვირას რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრა ერთობლივად გამართეს „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს” და „დროას” წარმომადგენლებმა.
თუმცა სხვა პარტიებთან ახალი გაერთიანების ფორმირებას არ ადასტურებენ „ლელოში“ და ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„მე, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრს, არ მაქვს ეს ინფორმაცია[…] უმთავრესი საკითხი, რომელიც „ლელოსთვის“ განმსაზღვერელია, ზოგადად, სხვა პარტიებთან ურთიერთობის, ტონის, ხარისხის შესარჩევად, ეს არის ქვეყნის საგარეო კურსი, ანუ დასავლური ორიენტაცია. დანარჩენი ამ ეტაპზე „ლელოში“ არ განიხილება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება „გირჩი-მეტი თავისუფლებას“, როგორც პარტიის წევრი ცოტნე კობერიძე ნეტგაზეთთან ამბობს, მცირე ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო პლატფორმის შესახებ საუბარი ზაფხულში მიმდინარეობდა და თავიდან მასში „გირჩი-მეტი თავისუფლებაც“ მონაწილეობდა.
თუმცა, მისი თქმით, შემდეგ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ამ განხილვებს ჩამოშორდა და გიორგი ვაშაძის მიერ დასახელებული მოძრაობის ფარგლებში განსაკუთრებულ თანამშრომლობას არ აპირებენ.
„ვიცოდით, რომ ამ საკითხზე კომუნიკაციის აქტიურად გაგრძელებას აპირებდნენ: „ლელო“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ოღონდ ჩვენ ჩამოვშორდით, ჩვენგან უარი იყო, მაგრამ პარტნიორულ დამოკიდებულებას, ცხადია, ვიტოვებთ, იქამდეც გვქონდა და არასდროს ეს არ გვიჭირდა.
იმის გამო, რომ ჯერჯერობით 5%-იანი ბარიერი არის და დაწევას პირი არ უჩანს, ვიცით, რომ ასეთი საუბრები იქნება და ამასთან მიმართებაში პოზიცია გვაქვს. ჩვენ ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებით გვინდოდა, რომ ხედვები გვქონოდა, როგორ შეიძლება ფორმულა „ყველას მინუს ბიძინა“ დაჯდეს, თუ 5%-იანი ბარიერი დარჩება… ისე, რომ ოპოზიციაში პატარა პარტიების ხმები არ დაკარგულიყო.
მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ ახლა წამოეწყოთ მსგავსი ტიპის პროდასავლური მოძრაობა, რომელმაც შეიძლება პოტენციურად რაიმე საერთო პარტიის ან კოალიციის სახე მიიღოს, მაგრამ დასაწყისისთვის ეს უნდა ყოფილიყო გაჟღერებული. უბრალოდ, აქაც ამ თამაშში არ შევედით და უჩვენოდ უნდა დაეწყოთ“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ ნეტგაზეთთან.
კობერიძის თქმით, მათ ურჩევნიათ, რომ ახლა უფრო მეტად აქტივიზმზე, საკუთარი ამომრჩევლის გაზრდასა და ვადამდელ არჩევნებზე იმუშაონ.
მისი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა, ორი წლით ადრე „რაღაცებზე საუბარი“ არასერიოზულია.
„გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“, „ლელოსთან“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.
თუმცა, ხოშტარიას თქმით, ახალ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე საუბარი არ არის.
„ჩვენ არც დაგვიმალავს და ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში ვმუშაობდით აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს საერთო სამოქმედო გეგმა. ხალხს არ აინტერესებს, ვინ ვისთან გაერთიანდება[…] აქ არ არის საუბარი რაღაც ახალ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. აქ არის საუბარი კოორდინაციაზე იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ დეოლიგარქიზაციას[…]
დიახ, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ჩვენ პრაქტიკულად „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“, „ლელოსთან“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა და კიდევ უფრო მეტი იქნება ეს თანამშრომლობა. ოღონდ არა კაბინეტებეში, არამედ ხალხთან ურთიერთობაში და ხალხისთვის იმ პერსპექტივის შეთავაზებაში, რის გარეშეც ჩვენ ვერ გამოვალთ ამ სიტუაციიდან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იან ბარიერია განსაზღვრული. ამასთან, 2024 წლიდან პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.