საზოგადოება

2014-2020 წლებში EU საქართველოს 938.4 მლნ ევროთი დაეხმარა

19 სექტემბერი, 2022 • 657
2014-2020 წლებში EU საქართველოს 938.4 მლნ ევროთი დაეხმარა

ევროკავშირმა გამოაქვეყნა დაფინანსების განვლილი პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის დეტალური შეფასება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შემფასებელთა დამოუკიდებელი ჯგუფი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის  დახმარების ყოვლისმომცველ შეფასებაზე, რომელიც მიმართული იყო 2014-2020 წლებში განვითარებაზე.  შეფასება მოიცავდა 2 000-ზე მეტი დოკუმენტის განხილვას და ინტერვიუებს 100-მდე პირთან, რომელიც ევროკავშირის საქმიანობას იცნობდა.

შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან იყო სტრატეგიულად გამართული და მისი დაგეგმვა და განხორციელება მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებს ეყრდნობა. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობისას გამოყენებულია ინსტრუმენტების, მეთოდებისა და დაფინანსების არხების ფართო სპექტრი. მიღწეულ იქნა წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი კარგად წარიმართა. შეფასება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ მაღალი რჩება.

თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის პროგრამების ხილვადობა შეფასების პერიოდის ადრეულ ეტაპებზე პრობლემური იყო, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის გასაუმჯობესებლად ზომები მიიღო. ასევე, ხარვეზებს შორის დაფიქსირდა შეზღუდული წინსვლა როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე, ადამიანის უფლებების მხრივ.

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია. 2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს, საერთო ჯამში, 938.4 მილიონი ევროთი დაეხმარა. ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა 2015 წელს გამოყოფილი 150 მილიონი ევროდან 2020 წელს 225 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

აქედან ყველაზე დიდი თანხა — 253 მილიონი — გამოიყო სოფლის მეურნეობაზე, 171 მილიონი — კავშირების განვითარებაზე, 168 მილიონი კი — ეკონომიკურ განვითარებაზე.

შეფასების ჯგუფის მიერ გაიცა შემდეგი ზოგადი რეკომენდაციები:

  • ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ინსტრუმენტების, მეთოდებისა და არხების ფართო სპექტრის, მათ შორის, პოლიტიკის და პოლიტიკური დიალოგის გამოყენება, ამასთანავე, ეფექტიანობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს;
  • ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს კრიტიკული მიდგომა შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების საჭიროების შეფასებისას, მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხოლო შედეგების მონიტორინგი ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს;
  • ევროკავშირმა უფრო ხარისხიანად უნდა განაგრძოს გამჭოლი საკითხების წინა პლანზე წამოწევა, განსაკუთრებით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებით;
  • ევროკავშირის მხარდაჭერა თანამშრომლობის კუთხით სტრატეგიულად უნდა განისაზღვროს, განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტის ასასახად.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკომისიის სათავო ოფისის კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკვე დაიწყო ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთის განხორციელება ახალი პროგრამების შემუშავებისას. გასულ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო დამატებითი იდეები რეკომენდაციების ადაპტირების გზებთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული უახლოეს წლებში ახალი პროგრამებისა და დახმარების პრიორიტეტების შემუშავებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი