საზოგადოება

იმუშავა თუ არა პროპაგანდამ „ომში ჩაბმაზე?” – ინტერვიუ გამოკითხვის თანაავტორთან

8 სექტემბერი, 2022 • 1623
იმუშავა თუ არა პროპაგანდამ „ომში ჩაბმაზე?” – ინტერვიუ გამოკითხვის თანაავტორთან

იმუშავა თუ არა „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ, რომლის თანახმადაც დასავლელი აქტორები საქართველოს „ომში ჩართვას“ ცდილობენ, – და იმის გამო, რომ ქვეყანამ „მეორე ფრონტი არ გახსნა“, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო? თუ იმუშავა, ვისზე და რამდენად?

„ნეტგაზეთი“ ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა CRRC-ის მკვლევარ მახარე აჭაიძეს, რომელიც თანაავტორია ახალი გამოკითხვისა, რომელიც სწორედ ამ საკითხების გარკვევას ცდილობდა.

CRRC-ის ახალ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 17% ამბობს, რომ სჯერა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა, „მეორე ფრონტი რომ გაეხსნა“ რუსეთის ფედერაციასთან. CRRC/NDI-ის წინა კვლევები გამუდმებით აჩვენებდა, რომ ევროკავშირის 80-82%-იანი და ნატოსთან დაახლოებით 70%-იანი მხარდაჭერის ფონზე, დაახლოებით 10%-ის ფარგლებში მერყეობდა მათი რაოდენობა, ვინც დასავლურ ინტეგრაციას არ უჭერდა მხარს; ამასთან, იყო 10-12%, რომელიც თან უჭერდა და თან არ უჭერდა მხარს ქვეყნის დასავლურ კურსს. შეიძლება თუ არა, ვთქვათ, რომ ეს 17% დაახლოებით იგივე ხალხია, ვინც უკვე იყო სკეპტიკურად განწყობილი დასავლეთის მიმართ?

ნამდვილად ასეა. უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებაში ევროკავშირს ყოველთვის უფრო მაღალი მხარდაჭერა (80%-მდე) ჰქონდა ხოლმე, ვიდრე ნატოს. ნატოს მხარდაჭერაც თითქმის მსგავსი იყო ხოლმე, მაგრამ საშუალოდ, უხეშად რომ ვთქვათ, 3-4%-ით უფრო მაღალი იყო ევროკავშირის მხარდაჭერა.

2022 წლის მარტის მონაცემები. CRRC-ის კვლევა

სწორად აღნიშნეთ, რომ 10%-ზე დაბალი იყო ხოლმე ყოველთვის ნატოს მხარდაჭერის არგამოცხადება. ამ უკანასკნელ გამოკითხვაში 10%-ზე ოდნავ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს – 13%-მა თქვა, რომ ნატოში გაწევრიანებას არ ეთანხმება, 12%-მა კი იგივე თქვა ევროკავშირზე; გაწევრიანების მომხრე ნატოს შემთხვევაში 63%, ევროკავშირში კი 68% იყო, რაც წინა კვლევებზე (საშუალოდ 70 და 80 პროცენტი) ოდნავ ნაკლები მაჩვენებელია.

ჩვენი ერთ-ერთი ინტერესი სწორედ ეს იყო, – კითხვის ნიშნები ნამდვილად გვქონდა, შეიცვალა თუ არა რაიმე მიმდინარე მოვლენების ფონზე? ფაქტია, რომ მცირედით არის შემცირებული ნატოს მხარდაჭერა, უბრალოდ, საკითხავია, რის გამოა ეს.

მაგალითად, ხანდახან არის ხოლმე „ამოვარდნები“ სტატისტიკაში, ე.წ „აუთლაიერები“. შემდგომი გამოკითხვები გვიჩვენებს, ნამდვილად გაიზარდა თუ არა ევროსკეპტიციზმი. რთული სათქმელია, ამის მიზეზი ის განცხადებებია, რაც ბოლო პერიოდში მოდიოდა მმართველი პარტიის, ავტორიტეტების მხრიდან, თუ ამაზე იმოქმედა ზოგადმა მოცემულობამ, სტატუსის ვერმიღებამ, და გაზრდის თუ არა ეს ნამდვილად ევროსკეპტიციზმს.

ბოლო გამოკითხვა იყო მარტში, როდესაც 75% ემხრობოდა ევროკავშირში გაწევრიანებას, ახლა კი 68%, – ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ მცირედით შემცირების ფაქტი არის. შემდგომში იქნება ძალიან საინტერესო, NDI-ს ან „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევაში როგორ განვითარებას პოვებს.

ყველაზე მთავარი, რაც სოციალურ მეცნიერებებში არის, არის ტენდენცია. ტენდენცია არის ფაქტობრივად უტყუარი. კონკრეტულ რიცხვს შეიძლება ვერ დაეყრდნოს ადამიანი, და არ თქვას, რომ ახლა რომ 73%-ია და ხვალ რომ 72% იყოს, რაიმე შეიცვალა.

მაგრამ ტენდენციაზე, – რომელსაც არათუ მხოლოდ დღეს, არამედ 4-5 ტალღის შემდეგაც აკვირდები, რომ მაღალია, ან მკვეთრად იცვლება, – დარწმუნებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ რაიმე კანონზომიერებას ვაკვირდებით.

კონკრეტულად იმ საკითხზე, რაც თქვენ იკითხეთ, უბრალო ორგანზომილებიანი ანალიზითა და სტატისტიკური სანდოობის რამდენიმე ტესტის გამოყენებით რომ გადავამოწმოთ, სურათი ასეთია:

იმ ხალხში, ვინც განაცხადა, რომ საქართველო იმ შემთხვევაში მიიღებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თუ რუსეთთან ომში ჩაებმებოდა (17%), შესამჩნევად მეტი წილია იმ ადამიანების, ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას არ უჭერს მხარს (ორჯერ მეტნი, ვიდრე ევროკავშირის მხარდამჭერები ან ამბივალენტური პოზიციის მქონეები). ასეთივე სურათია ნატოს მხარდამჭერებშიც.

ერთი სიტყვით, ისინი, ვინც დასავლური ინტეგრაციის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები, შედარებით უფრო მეტი შანსია, იზიარებდნენ ზემოთ მოცემულ მოსაზრებას. უბრალოდ, უფრო მეტად ლეგიტიმურ მოსაზრებას დავარქმევდი ამ შეჯამებას და მაინც თავს შევიკავებდი გადაჭრით ამის დადასტურებისგან, რადგან ისედაც მცირეა იმათი ნაწილი, ვინც მხარს არ უჭერს ევროკავშირს ან ნატოს და მათ შორის კიდევ ომში მონაწილეობა/არმონაწილეობის შესახებ მოსაზრებების ჩაშლით კიდევ მცირდება რაოდენობა და, ამასთან ერთად, ცდომილებაც იზრდება.

თუმცა, ზემოთ თქვენი ნათქვამი რომ დავაზუსტო: როდესაც ნატოს/ევროკავშირის მხარდაჭერის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ასეთი, ტენდენციის სახის მქონე გაუარესება არ ჩანს?

არა, არ ჩანს. ასეთი რამ ნამდვილად არ არის. და ამ ჯერზე შედარებით დაბალ მაჩვენებელს რამდენიმე ფაქტორი შეიძლება ხსნიდეს: ნატოს მხარდაჭერა კი იყო მაღალი, მაგრამ ისედაც ოდნავ უფრო ჩამორჩებოდა ევროკავშირს; მეორე მხრივ, ის მომენტიც შეიძლება იყოს, რომ საომარი ვითარებებია მსოფლიოში, სამხედრო თემატიკა, უფრო მეტად აფიქრებს ხალხს…

კვლევის თანახმად, ხელისუფლების მხარდამჭერებში 26% იზიარებს ამ მოსაზრებას, რომ „ომში რომ ჩავბმულიყავით, სტატუსი მოგვენიჭებოდა“. „ოცნების“ მხარდამჭერების 17-18%-მა არ იცის, ასეა თუ არა, ხოლო 56%-ს ეს სიმართლედ არ მიაჩნია. შეიძლება თუ არა, ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ „ომში ჩათრევაზე“ საკუთარ ამომრჩევლებშიც არ იმუშავა?

დიახ, ნამდვილად ასეა. ყოველ შემთხვევაში, მონაცემები გვეუბნება, რომ საერთო ჯამში გამოკითხულთა უმრავლესობას ამის არ სჯერა, და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც ყველაზე დიდი წილი ასე ფიქრობს.

თუმცა, რა თქმა უნდა, „არა-მმართველი პარტიის“ მხარდაჭერებს შორის რა დონეზეც არის ეს არდაჯერება, იმაზე ოდნავ ნაკლებია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში.

კერძოდ, ხელისუფლების მხარდამჭერებიდან ამის 56%-ს არ სჯერა, ოპოზიციის მხარდამჭერებიდან – 68%-ს, „უპარტიოებიდან“ კი ასევე 56%-ს; ამ მოსაზრებას იზიარებს ოპოზიციის მხარდამჭერთა მხოლოდ 13%, უპარტიოების 16% და ხელისუფლების ამომრჩევლის 26%.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ამ ნარატივმა ვინმეზე იმუშავა, იმუშავა მხოლოდ „ოცნების“ მხარდამჭერებზე, ოღონდ მათზეც ოდნავ…

კიდევ ერთი დეტალის შესახებ გკითხავთ: „ომში არჩაბმის გამო სტატუსზე უარის თქმაზე“ 17%-იანი შედეგი გვაქვს მაშინ, როდესაც კონკრეტულად ამ ფორმულირებით უსვამენ კითხვას, ხოლო როდესაც სხვა, ზოგადით ფორმულირებით დაუსვეს რესპონდენტებს კითხვა, „თქვენი აზრით, რა ძირითადი მიზეზის გამო არ მისცეს სტატუსიო“, მხოლოდ 4%-მა დაასახელა „ომში არჩართვა“. ამ ორ კითხვაზე პასუხებში ასეთი განსხვავება რატომ გვაქვს?

საინტერესო საკითხია. მოდით, გავმიჯნოთ, თავად რესპონდენტები პირველ რიგში რა ფაქტორს აღნიშნავდნენ უფრო მნიშვნელოვნად, და შემდეგ მეორე კითხვაზე რა თქვეს.

თავდაპირველად იყო კითხვა, „თქვენი აზრით, საქართველოს რა ძირითადი მიზეზის გამო არ მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“; ეს იყო ღია კითხვა, [რომელიც დაესვა გამოკითხულთა ¾-ს – მათ, ვისაც სმენოდა იმის შესახებ, რომ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა]. მათ თავად უნდა დაესახელებინათ, რაც გაახსენდებოდათ და შემდეგ ჩვენი ინტერვიუერები უსადაგებდნენ არსებულ ჩამონათვალს.

ეს ჩამონათვალი იყო:

  • მთავრობის უმოქმედობა (17%)
  • პოლარიზაცია (14%)
  • საქართველოს მიერ წევრობის კრიტერიუმების შეუსრულებლობა (14%)
  • ოპოზიციის მიერ ხელშეშლა (8%)
  • რუსეთის პოზიცია საქართველოს მიმართ (3%)
  • „ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა (1%),
  • სააკაშვილის დაპატიმრება (1%);
  • ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა (1%);
  • „საქართველო ომში არ ჩაერთო/მეორე ფრონტი არ გახსნა“ (4%)
  • [აღსანიშნავია, რომ 30%-მა არ იცის, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რატომ ვერ მიიღო].

როგორც ვხედავთ, ისინი თავად სხვა საკითხებს უსვამდნენ ხაზს. და, კიდევ ერთხელ, ჩვენ აქ ვეკითხებოდით უპირატეს ფაქტორს. მაგალითად, მე შეიძლება ვფიქრობ, რომ 3-4 ფაქტორია, რის გამოც არ მოგვცეს, მათ შორის, პირობითად ის, რომ „მეორე ფრონტი არ გავხსენით“, მაგრამ თუკი თქვენ მკითხავთ, უპირატესად რომელი მიგაჩნიათო, შეიძლება ეს გვერდით გადავდო და დავასახელო ის, რომ „საქართველო არ არის მზად ევროკავშირში გაწევრებისთვის“.

მაგრამ შემდეგ, – სწორად აღნიშნეთ, – ფორმულირებას აქვს მნიშვნელობა. შესაძლოა, სხვა ფორმულირებით დასმული კითხვის შემდეგ რესპონდენტმა სხვა კუთხით შეხედოს საკითხს.

ამ შემთხვევაში, გამოკითხვისას, კითხვის ფორმულირებაში ჯერ ვაწვდიდით ინფორმაციას: „ევროკავშირმა საქართველოს არ მიანიჭა კანდიდატის სტატუს. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭებოდა, თუკი ჩაერთვებოდა რუსეთის წინააღმდეგ ომში/მეორე ფრონტს გახსნიდა“, შემდეგ კი ვეკითხებოდით, „თქვენი აზრით, რამდენად მართალია ეს“?

ახლა უკვე მე, რომელმაც წეღან არჩევანი გავაკეთე სხვა ფაქტორზე, უკვე უნდა დავფიქრდე ამ კითხვაზე. წეღან კი მეორე-მესამე ფლანგზე გადავდე ეს საკითხი, მაგრამ თუკი მიმაჩნია, რომ ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, – და არა მთავარი, – შეიძლება გამოვხატო, რომ მეტწილად სიმართლეა, ან სრულად სიმართლეა.

ამასთან, მეორე ფაქტორი ის არის, რომ ფაქტორებზე პირველი შეკითხვა, – რამ განაპირობა სტატუსის არმინიჭებაო, – დაესვათ მხოლოთ მათ, ვისაც სმენოდა იმ ფაქტის შესახებ, რომ საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი [ეს ფაქტი 24%-მა არ იცის – თითქმის მეოთხედმა].

ანუ ერთ მეოთხედს ფაქტობრივად არ დაესვა პირველი შეკითხვა, და უკვე დაკონკრეტებული კითხვა „ფრონტის გახსნასთან“ კავშირზე, დაესვა ყველას. სწორედ ამიტომ ჰქონდა წინასწარ ინფორმაციული წანამძღვრები ამ კითხვას…

მახარე აჭაიძე, CRRC-ის მკვლევარი


კვლევის ფარგლებში 1244 რესპონდენტი გამოიკითხა სატელეფონო ინტერვიუების სახით 20-დან 30 ივლისის პერიოდში. ცდომილება 2.8-დან 4.7%-მდეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი