კალიუმის იოდიდი (KI) სტაბილური, არარადიაქტიური იოდის ნაერთია. ჩვეულებრივ, იოდის დეფიციტის სამკურნალოდ გამოიყენება, რადიაციული საფრთხის დროს კი რადიოაქტიური იოდისგან თავდასაცავად. პოტენციური რისკის გათვალისწინებით, რომელსაც საბრძოლო მოქმედებები უქმნის უკრაინაში განთავსებულ ატომურ ელექტროსადგურებს, კალიუმის იოდიდზე მოთხოვნა გაიზარდა. კიევმა და ევროპის სახელმწიფოებმა მარაგების შევსება დაიწყეს. „ნეტგაზეთი“ შეეცადა გაერკვია, რას აკეთებს ამ დროს საქართველო და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციული საფრთხის დროს კალიუმის იოდიდის გამოყენებაზე.

როგორ იცავს კალიუმის იოდიდი?

კალიუმის იოდიდი არ არის ზოგადად რადიაციისგან დამცავი აგენტი. ის იცავს მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიაქტიური იოდის შთანთქმისგან. ფარისებრი ჯირკვალი ითვისებს როგორც ჩვეულებრივ, ასევე რადიაქტიურ იოდს. ეს უკანასკნელი, რადიაციასთან ექსპოზიციიდან წლების შემდეგ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოსა და სხვა თიროიდული დაავადებების რისკებს ზრდის. იმ შემთხვევაში თუ ფარისებრი ჯირკვალი გაჯერებულია არარადიაქტიური იოდით (კალიუმის იოდიდით), ის საერთოდ ვეღარ ან მცირე რაოდენობით ითვისებს რადიაქტიურ იოდს.

KI-ის პრევენციულად გამოყენება

ენდოკრინოლოგი მანანა ბაჩიაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ კალიუმის იოდიდი რადიაციული საფრთხის შემთხვევაში პრევენციულად არ უნდა მივიღოთ. 500 მიკროგრამზე (რაც ანტირადიაციულ დოზებზე გაცილებით ნაკლებია) მეტი კალიუმის იოდიდის მიღებაც კი, ბაჩიაშვილის თქმით, შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ადამიანის ორგანიზმისათვის და გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

კალიუმის იოდიდის გვერდით ეფექტებს შორისაა ალერგია, იოდიზმი, კუჭ-ნაწლავის ჩივილები, 1 თვემდე ბავშვებში — გარდამავალი ჰიპერთირეოზის რისკი და სხვა.

მანანა ბაჩიაშვილი მოქალაქეებს ურჩევს, იოდის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მაღალი რისკის შემთხვევაში წინასწარ გაიარონ კონსულტაცია პირად ექიმთან, რათა ინფორმირებული იყვნენ, მიზანშეწონილია თუ არა მათთვის კალიუმის იოდიდის მიღება. მათ, ვისაც იოდისადმი მგრძნობელობა ან ჰიპერმგრძნობელობის განვითარების მაღალი რისკი აღენიშნებათ, ურჩევენ თავი შეიკავონ KI-ის მიღებისგან, თუნდაც ამის ზოგადი რეკომენდაცია არსებობდეს.

ენდოკრინოლოგი მოსახლეობას ასევე აფრთხილებს, რომ დაუშვებელია კალიუმის იოდიდის ნაცვლად იოდის სპირტხსნარის მიღება.

ხელმისაწვდომია თუ არა KI საქართველოს აფთიაქებში?

კალიუმის იოდიდი საქართველოს აფთიაქებში ხელმისაწვდომია, თუმცა არა იმ დოზებში, რაც რადიაციული საფრთხისას გამოიყენება. კერძოდ, აფთიაქებში იყიდით კალიუმის იოდიდის 100 და 200 მიკროგრამიან ტაბლეტებს. ანტირადიაციული მიზნებისთვის კი დოზირება მილიგრამებში განისაზღვრება. ერთი მილიგრამი უდრის 1000 მიკროგრამს.

მანანა ბაჩიაშვილის განმარტებით, რადიაქტიური იოდის მიმართ ყველაზე მოწყვლადი კატეგორია არიან ჩვილები, ბავშვები, ორსულები, მეძუძური დედები. 40 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში კი კალიუმის იოდიდის მიღებას მხოლოდ მაღალი რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში უწევენ რეკომენდაციას, ვინაიდან ამ ასაკობრივ კატეგორიაში რადიაქტიური იოდით ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი დაბალია.

KI-ის გამოყენება რადიაციული საფრთხისას

იქიდან გამომდინარე, რომ მილიგრამების დოზებში კალიუმის იოდიდი მხოლოდ რადიაციული საფრთხის შემთხვევაში გამოიყენება და სხვა დროს მასზე მოთხოვნა არ არის, კერძო ფარმაცევტულ კომპანიებს ის გასაყიდად არ შემოაქვთ, მარაგების შექმნაზე კალიუმის იოდიდის შეძენა შესაძლებელია ონლაინ საიტებზე. ბირთვული საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, კალიუმის იოდიდის განაწილება მოსახლეობაში, ასევე, საავადმყოფოებში, აფთიაქებსა, პოლიციის განყოფილებებში თუ ევაკუაციის ცენტრებში, სახელმწიფო უწყებების პრეროგატივაა. ჯანდაცვის უწყებებმა უნდა გასცენ რეკომენდაცია კალიუმის იოდიდის მიღებაზე, ასევე მისი შეწყვეტის შესახებ. ასევე, აცნობონ მოსახლეობას საჭირო დოზირების შესახებაც, რომელიც ასაკობრივი კატეგორიების და რადიაციული დაბინძურების მიხევდით განსხვავებულია.

„როდესაც არის რადიაციის რეალური საფრთხე და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინფორმირებულია მოსახლეობა, რადიაციულ ექსპოზიციამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე რეკომენდებულია კალიუმის იოდიდის მიღება. თუ ეს ვერ მოესწრო, რადიაციული დაბინძურებიდან მაქსიმუმ სამი-ოთხი საათის განმავლობაში შესაძლებელია პრეპარატის მიღება. ამ შემთხვევაში შედარებით მცირდება ეფექტურობა, თუმცა რა თქმა უნდა, ის დამცავი ეფექტი მაინც აქვს“, — განმარტავს მანანა ბაჩიაშვილი.

მისი თქმით, როცა ფარისებრი ჯირკვალი ირთავს კალიუმის იოდიდს, ის 24 საათის განმავლობაში გაჯერებული რჩება სტაბილური იოდით.

„თუ რადიაციის გაგრძელება ხდება უფრო მეტი ხნის განმავლობაში, ჯანდაცვის სფეროს შესაბამისი წარმომადგენლები და კომპეტენტური პირების მიერ ინსტრუქციები გაიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ”, — დასძენს ენდოკრინოლოგი.

მანანა ბაჩიაშვილი მიიჩნევს, რადიაციული საფრთხისგან დასაცავად საჭირო კალიუმის იოდიდს მარაგების შექმნაზე იზრუნოს ჯანდაცვის უწყებებმა და არა მოქალაქეებმა ინდივიდუალურად.

პრევენციული უსაფრთხოების ზომები სხვა ქვეყნებში

ევროკავშირმა 5,5 მილიონი კალიუმის იოდიდის ტაბლეტი გადასცა უკრაინას მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს კიევმა შესაბამისი თხოვნით მიმართა. ეს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურზე შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე პრევენციული ღონისძიებების მხოლოდ ერთი ნაწილია. ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინულმა მხარემ ასევე მოაწყო სპეციალური საევაკუაციო კარვები. დამონტაჟებულია განგაშის სიგნალები და ინსტრუქტორები ადგილობრივებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ თითოეული სიგნალის ჩართვისას, ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის ან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შემთხვევაში. ექიმები მოქალაქეებს იოდიდის აბების გამოყენების წესებს დეტალურად უხსნიან.

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. დაწესებულება მარტის დასაწყისში რუსეთის ჯარმა დაიკავა და მას შემდეგ მოსკოვის კონტროლქვეშაა. ატომურის ელექტროსადგურის კომპლექსის ტერიტორია 5 აგვისტოს დაიბომბა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსის შეფასებით, ატომურ ელექტროსადგურზე შეტევა „ბირთვული კატასტროფის რეალურ რისკს შეიცავს და შეიძლება დაემუქროს საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და გარემოს უსაფრთხოებას უკრაინასა და მის ფარგლებს მიღმა“.

„ენერგოატომის“ მოდელირების თანახმად, ამჟამად ზაპოროჟიის ატომურ სადგურზე რომ მძიმე ინციდენტი მოხდეს, რადიაცია არამხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც (საქართველოს საზღვართან ახლოს) გავრცელდება პროგნოზირებული ქარის მიმართულების მიხედვით.

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციული საფრთხის გამო რუმინეთმა მოლდოვას 1 მილიონი აბი კალიუმის იოდიდი გადასცა.

ბულგარეთში, კალიუმის იოდიდის პანიკური შესყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული რადიობიოლოგიისა და რადიაციული დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კრემენა ივანოვამ თქვა, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს, ჯანდაცვას აქვს საგანგებო გეგმა, ხოლო კალიუმის იოდიდის აბები ინახება სამოქალაქო თავდაცვაში და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას უფასოდ დაურიგდება.

რუმინეთში, რომელიც მოდელირების თანახმად, ასევე შეიძლება მოექცეს რადიაციის საფრთხის ქვეშ, ჯანდაცვის მინისტრმა 40 წლამდე მოქალაქეებს მოუწოდა, კალიუმის იოდიდის აბების რეცეპტისთვის ოჯახის ექიმთან მივიდნენ. რეცეპტის საფუძველზე რუმინელებს საშუალება აქვთ, უფასოდ გამოიტანონ კალიუმის იოდიდი ქვეყნის მასშტაბით 2500 აფთიაქიდან, სადაც მარაგები ინახება.

1-ელ აგვისტოს „ევროპულმა საქართველომ” გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება, რომ სხვებისგან განსხვავებით არ შეუძენია ანტირადიაციული ტაბლეტები. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ხელისუფლება საზოგადოებისთვის საჯარო არ მოქმედებს, არ რეაგირებს და აქედან გამომდინარე უცნობია, რამე ზომები აქვს თუ არა მიღებული საერთოდ.

„ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რათა მათ ადეკვატურად გამოიყენონ და არ მოხდეს მედიკამენტის პანიკურად ან არ საჭიროების შემთხვევაში გამოყენება. ეს კამპანია უკვე უნდა მიდიოდეს და ასევე უნდა განსაზღვრული და ყველა რგოლი უნდა იყოს საქმეში თუ როგორ განხორციელდება ამ მედიკამენტისა და არამარტო ამ მედიკამენტის ლოჯისტიკა. სამწუხაროდ ჩვენ ამ მიმართულებით ვერანაირ აქტივობას ვერ ვხედავთ. ეს, პირველ რიგში, არის ხელისუფლების, ხოლო შემდგომში ჯანდაცვის სამინისტროს, გადაუდებელი მედიცინისა და კატასტროფის სამსახურის, შსს-სა და სააგენტოს პასუხისმგებლობა“, — განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა.

მისი აზრით, უკვე იყოს დაწყებული სამზადისი, რათა კრიზისულ ვითარებას მომზადებულები შეხვდეს როგორც სამედიცინო სისტემა, ისე მოქალაქეები და ეს მომზადება მოხდეს პანიკის დათესვის გარეშე.

„ნეტგაზეთი“ 4 დღის განმავლობაში ელოდა ჯანდაცვის სამინისტროსგან ინფორმაციას, თუმცა ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რას აკეთებს უწყება კალიუმის იოდიდის მოსამარაგებლად და საერთოდ, საჭიროდ მიაჩნია თუ არა ასეთი აქტივობა.