საზოგადოება

როგორ გაშიფრეს რუსეთის აგენტი ქალი, რომელიც NATO-ს ოფიცრებს დაუახლოვდა

26 აგვისტო, 2022 •
როგორ გაშიფრეს რუსეთის აგენტი ქალი, რომელიც NATO-ს ოფიცრებს დაუახლოვდა

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა Bellingcat-დან, Der Spiegel-დან, The Insider-იდან და La Repubblica-დან ერთობლივი 10-თვიანი გამოძიების შემდეგ დაადგინეს იტალიაში მოქმედი რუსი ჯაშუში, რომელიც გამოგონილი ისტორიითა და სხვა სახელ-გვარით NATO-ს ოფიცრებთან ახლო ურთიერთობაში შედიოდა და ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

ქალი, რომელსაც სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლში, საიუველირო ბრენდის დამაარსებლად იცნობდნენ, რეალურად სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობდა.

ჟურნალისტების მტკიცებით, რუსმა სპეცაგენტმა ოლგა კოლობოვამ შექმნა ისტორია, რომ თითქოს გერმანელი მამისა და პერუელი დედის შვილი იყო, მისი დაბადების ადგილი კი,ნაცვლად რუსეთისა, პერუში მდებარეობდა. კოლობოვას ისტორიის თანახმად, იგი დედამ მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად საბჭოთა კავშირში წაიყვანა, ოლიმპიადის შემდეგ იქვე დატოვა, თვითონ კი პერუში დაბრუნდა, რის შემდეგაც ბავშვი სოციალურმა სამსახურმა ბავშვთა სახლში გადაიყვანა.

კოლობოვამ პერუს საჯარო რეესტრს ახალი მოქალაქის რეგისტრაციის შესახებ 2005 წელს მიმართა, სადაც განაცხადა, რომ პერუში 1978 წლის პირველ სექტემბერს დაიბადა და მისი სახელი და გვარი მარია ადელა იყო.

საჯარო რეესტრმა მას დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, რა დროსაც კოლობოვამ წარადგინა ნათლობის მოწმობა, რომელიც, როგორც თავად ამტკიცებდა, მისი დაბადებიდან 2 კვირის შემდეგ გასცა ადგილობრივმა ეკლესიამ, თუმცა, როგორც საჯარო რეესტრმა გაარკვია, ეკლესია, რომელმაც კოლობოვა მონათლა, მისი დაბადებიდან 9 წლის შემდეგ დაარსდა და ვერანაირად ვერ გასცემდა მოწმობას 1978 წელს.

შედეგად, პერუმ რუს სპეცაგენტს უარი განუცხადა მოქალაქეობის რეგისტრაციაზე და ამის შესახებ საჯაროდაც განაცხადა. თუმცა, მიუხედავად ამისა, აგენტმა მაინც განაგრძო გამოგონილი ისტორიით ცხოვრება.

მოგვიანებით, მარია ადელა, იგივე ოლგა კოლობოვა, ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დააარსა საკუთარი საიუველირო ბრენდი და დაიწყო სამეგობრო წრის ფორმირება.

იგი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა რომში, პარიზსა და მალტაში, სადაც გაიცნო არა მხოლოდ მოდისა და საიუველირო სფეროს წარმომადგენლები, არამედ, NATO-ს მაღალი რანგის ოფიცრები და ახლო კონტაქტში შევიდა მათთან.

ოლგა კოლობოვას ქორწინების ფოტო

ევროპაში ცხოვრების დროს დაქორწინდა რუსეთის სამხრეთამერიკული წარმომავლობის მოქალაქეზე, რომელიც ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მოსკოვში გარდაიცვალა, თუმცა მეუღლის დაკრძალვას მარია ადელა არ დასწრებია.

ამის შემდეგ ადელა საცხოვრებლად ნეაპოლში გადავიდა, სადაც კარიერულ პიკს მიაღწია.

საკუთარი სოციალური სტატუსის ასამაღლებლად შექმნა კომპანია და დაიწყო პრესტიჟული სამკაულების გაყიდვა, თუმცა, როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, მისი პროდუქცია სინამდვილეში არა ნეაპოლში, არამედ ჩინეთში იყო დამზადებული.

ადელამ ნეაპოლში შექმნა ერთგვარი კლუბი, სახელწოდებით „International association of lions clubs“, სადაც NATO-სთან დაკავშირებული პირების გაწევრიანებაც შეძლო.

ჯგუფური ფოტო, სადაც რუსი აგენტი მის მიერ შექმნილი კლუბის წევრებთან ერთადაა.

NATO-სთან დაკავშირებულმა ერთ-ერთმა პირმა ჟურნალისტებთან  აღიარა, რომ რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ოლგა კოლობოვასთან. ოლგა მეგობრებს ასევე სწერდა, რომ ამერიკის საზღვაო ძალების თანამშრომელს მოსწონდა.

საბოლოოდ იმდენი მოახერხა, რომ მუდმივად ესწრებოდა NATO-სა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მიერ მოწყობილ ღონისძიებებს, სტუმრობდა ოფიციალურ პირებს სახლებში და ესწრებოდა მათი დაბადების დღეების წვეულებებს.

იგი ასევე მოგზაურობდა ბაჰრეინში. საჯარო მიზეზად კი გამოფენებში მონაწილეობას ასახელებდა. ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ მისი რეალური მიზანი ბაჰრეინში განთავსებული დასავლური ბაზების თანამშრომლებთან ახლო კონტაქტში შესვლა იყო.

ოლგა რუსეთში 2018 წელს დაბრუნდა და ერთადერთი რამ, რაც იტალიიდან თან გაიყოლა, იყო თავისი კატა. როგორც მისი ყოფილი მეგობრები აცხადებენ, ეს კატა იყო ერთადერთი სტაბილური რამ მის ცხოვრებაში.

ოლგამ იტალია ახალი რუსული პასპორტით დატოვა. დოკუმენტის ნომერიც, მსგავსად სხვა რუსული პასპორტებისა, რომელიც მანამდე ჰქონდა, მცირედით განსხვავდებოდა კიდევ ორი რუსი აგენტის პასპორტების ნომრებისგან, რომლებიც სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ და ბრიტანულმა პოლიციამ დააკავა.

მსგავსება სკრიპალების მკვლელობის მცდელობის საქმეში ჩართული აგენტისა და ოლგა კოლობოვას პასპორტის ნომრებს შორის. 

რუსეთში გადასვლის შემდეგ აგენტმა სოციალურ ქსელში გაუჩინარების ასახსნელად განაცხადა, რომ კიბოს ებრძოდა და ქიმიური თერაპიის შემდეგ ახალი ცხოვრების სწავლას ცდილობდა.

ჟურნალისტებმა კი დაადგინეს, რომ სინამდვილეში რუსეთის საპენსიო ფონდში დასაქმდა.

ერთ-ერთი რამ, რაც აგენტის რეალური იდენტობა გაყიდა, სხვა დამთხვევებთან და მსგავსებებთან ერთად, არის ისიც, რომ რუსეთში გადასვლის შემდეგ ოლგამ WhatsApp-ის ანგარიშზე იგივე ფოტო გამოიყენა, რაც მარია ადელას ჰქონდა გამოყენებული Facebook-ზე.

რუსეთში გადასვლის შემდეგ შეიძინა აპარტამენტი მოსკოვის მდიდრულ უბანში, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 800 000 ევროა, ასევე, Audi-ის მარკის ძვირადღირებული ავტომობილი. გერმანული ბრენდის სიყვარულით იგი იტალიაში ცხოვრების დროსაც იყო ცნობილი.

სოციალურ ქსელში მან აქტიურად დაიწყო ომის პროპაგანდა და პუტინის მხარდაჭერა.

ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს ისიც, რომ ქალი რუსი პოლკოვნიკის ქალიშვილია, რომელიც უცხოურ მისიებში, მათ შორის, სირიაში, ერაყსა და ანგოლაში მონაწილეობდა და დაჯილდოებულია არაერთი ორდენითა და მედლით.

კიდევ ერთი მიზეზი, რითაც ქალის აგენტობა მტკიცდება, არის ის, რომ 23 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მე-5 დეპარტამენტის ოფიცერს დაურეკა და, სავარაუდოდ, სამშობლოს დამცველთა დღე მიულოცა.

გამომძიებელ ჟურნალისტებს უჭირთ დაადგინონ, იყო თუ არა აგენტის მუშაობა ევროპაში წარმატებული, თუცმცა ერთი რამ ცხადია: მან ნამდვილად შეძლო ინფორმაციასთან წვდომაში მყოფ დასავლელ ოფიცრებთან და მათ ოჯახებთან ახლო კავშირის დამყარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი