რუსული სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” ტელეგრამ არხი და რუსი სამხედრო კორესპონდენტები აცხადებენ, რომ უკრაინამ ლუგანსკში, ქალაქ პოპასნაში მდებარე ვაგნერის შტაბი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.
რუსი სამხედრო კორესპონდენტი იური კოტენოკი ირწმუნება, რომ უკრაიანის შეიარაღებული ძალებმა იერიში მიიტანეს პოპასნაში იმ სახლზე, სადაც “ვაგნერის” ერთ-ერთი დანაყოფი იმყოფებოდა. კოტენოკი აცხადებს, რომ თავდასხმას ადასტურებენ დონბასში მყოფი მისი წყაროები.
“ალბათ HIMARS-ია”, – წერს ის.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინული მხარე რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა რუსული მხარე ამას არ ადასტურებს. პრიგოჟინი “ვაგნერის” სამხედრო დაჯგუფების კურატორად ითვლება.
პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საფუძველი გახდა 8 აგვისტოს რუსი სამხედრო კორესპონდნდენტის, სერგეი სრედის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული პოსტი, რომლის თანახმადაც იგი სტუმრობდა “ვაგნერის” ერთ-ერთ დანაყოფს. პოსტში მიბმულ ფოტოებში ჩანდა, რომ იგი ხელს ართმევს ადამიანს, რომელიც ჰგავს პრიგოჟინს, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი ნამდვილად პრიგოჟინია, ამ დროისთვის არ არსებობს. ამასთან, პოსტი 8 აგვისტოსაა გამოქვეყნებული, ხოლო აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა.
სრედას გამოქვეყნებულ ფოტოებზე ასევე ჩანს მისამართიც – მირონოვსკაიას #12. “უკრაინაისკაია პრავდას” ცნობით, მოგვიანებით სრედამ აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა “რადიო თავისუფლების” რუსული ბიუროს ინფორმაციით, რუსი კორესპონდენტი ირწმუნება, რომ მისამართი თავად “ვაგნერის” დაჯგუფების თანხმობის შემდეგ გაამხილა.
Meduza-ს ცნობით, თავდასხმის შესახებ პირველი ინფორმაცია ტელეგრამ არხმა, Reverse side of the medal-მა გაავრცელა. არსებობს ეჭვები, რომ აღნიშნული არხი სწორედ “ვაგნერის” დაჯგუფებასთან არის დაკავშირებული. არხზე გავრცელდა ფოტოები, რომელიც, სავარაუდოდ, თავდასხმის შემდეგაა გადაღებული. რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ “რუსკაია ვესნამ” საკუთარ ტელეგრამ არხზე აღნიშნულ კადრებთან ერთად ვიდეოც გამაოქვეყნა და დაწერა, რომ ადგილზე დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, ერთი კი დაიღუპა.
Meduza-ს ცნობით, მათ შეისწავლეს ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც აფეთქების შემდეგ მოვლენებს ასახავს. გამოცემა აცხადებს, რომ ვიდეოში ნაჩვენები იყო იგივე სახლი, რომელიც რუსი სამხედო კორესპონდენტის ფოტოებში ჩანდა, თუმცა, მეორე მხრიდან. Meduza წერს, რომ სახლის დაზიანებით ირკვევა, რომ დარტყმა უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.
უკრაინულ მხარეს ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.
რუსული სამხედრო დაჯგუფება ვაგნერი ძირითადად მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში სამხედრო ოპერაციებში დაქირავებული სამხედროებით. 2014 წელს ისინი ჩართულნი იყვნენ უკრაინაში, ევრომაიდნის ოპერაციაში, უკრაინის პრორუსული ხელისუფლების სასიკეთოდ. გარდა ამისა, ვაგნერი მონაწილეობდა ოპერაციებში სირიაში, ლიბიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში.
რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ვაგნერს კავშირი არ აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან, არ ფინანსდება მისგან და მისი კონტრაქტორები მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი სამხედროები არიან.