საზოგადოება

ვიდეორჩევა ქალის გასაუპატიურებლად — ექთნის თანაშემწე მხოლოდ გააფრთხილეს

19 ივლისი, 2022 •
ვიდეორჩევა ქალის გასაუპატიურებლად — ექთნის თანაშემწე მხოლოდ გააფრთხილეს

სოციალურ ქსელ TikTok-ზე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექთნის თანაშემწემ, თორნიკე გულისაშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც არის ერთგვარი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გამოიყენო დასაძინებელი მედიკამენტი ქალის გასაუპატიურებლად.

გულისაშვილი ვიდეოში აჩვენებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქალი შენთან „დაძინებაზე“ უარს ამბობს, გამოსავალი არის საძილე საშუალების გამოყენება. ვიდეოში ცხადად ჩანს აღნიშნული წამლის დასახელებაც.

მედიკამენტი, რომელიც გულისაშვილმა თავის აუდიტორიას წარუდგინა, ანესთეზიის დროს გამოიყენება და მისი დოზირებულად გამოყენების დროს ადამიანი ღრმა ძილში გადადის. მედიკამენტის მოქმედების პერიოდში პაციენტს ანტეროგრადული ამნეზია აქვს, ანუ მას არაფერი ახსოვს, ან გაღვიძების შემდეგ მისი მეხსიერება ძალიან ბუნდოვანია.

აღნიშნული შინაარსის ვიდეოს გავრცელებას ქალთა უფლებადამცველების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი გულისაშვილის ვიდეოს დანაშაულის წახალისებად აფასებენ.

ნეტგაზეთი ვიდეოს შინაარსთან დაკავშირებით ესაუბრა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს, იურისტ ანა არგანაშვილს.

რატომ არის ვიდეო პრობლემური

ანა არგანაშვილის თქმით, ანესთეზიის ქვეშ მყოფი ადამიანის მიმართ ისეთი ქმედება, რომელიც სამედიცინო აუცილებლობით არ არის გამოწვეული, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობა, ცალსახა დანაშაულია და მსგავსი შინაარსის ვიდეო სწორედ ამ ქმედების პოპულარიზაციას ახდენს.

„ეს ვიდეო იმ შინაარსით, რასაც გადმოსცემს ეს ადამიანი, დანაშაულის შემადგენლობის წახალისებაა. ანესთეზიის და ე.წ. ნარკოზის ქვეშ  მყოფი ადამიანის მიმართ რაიმე ქმედების ჩადენა, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის, არის ცალსახა დანაშაული. სამწუხაროდ, ამ ვიდეოში ის ახდენს ამის პოპულარიზაციას, რაც დაუშვებელი და მიუღებელია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას, როგორც სამედიცინო პროფესიის წარმომადგენელს, ფართო უფლებამოსილებები აქვს — ის მარტო რჩება პაციენტთან, ამიტომ, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც მხოლოდ სამედიცინო პროფესიის წარმომადგენელს შეუძლია ასეთი რამის ჩადენა.

რასაც ეს ადამიანი გადმოსცემს, ძალიან შემაშფოთებელია და განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ კლინიკისთვის, საიდანაც ამას გადმოსცემს. რადგან ეს კლინიკა იდენტიფიცირებულია და მისი რეპუტაციაა უმძიმესი დარტყმის ქვეშ არის. რა თქმა უნდა, ყველა ქალს, ვისაც იმ კლინიკაში ნარკოზით რაიმე პროცედურა უნდა ჩაუტარდეს, გაუჩნდება შიში, და ყველა ევროპულ თუ ამერიკულ კლინიკაში ასეთ დროს დაიწყებოდა მოკვლევა იმიტომ, რომ განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს, რომლებიც სექსუალური ძალადობის მიმართ მოწყვლადი არიან, უჩნდებათ კითხვა: მე ხომ არ გამიკეთეს უკვე ეს? იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ასეთი რამ არ მომხდარა“, — აცხადებს ანა არგანაშვილი.

იურისტის თქმით, ალადაშვილის კლინიკამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს შიდა მოკვლევა და ყველა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია უნდა გადამოწმდეს, ვისთანაც შეხება ჰქონდა ამ ადამიანს.

„კლინიკის მხრიდან ამის რეაგირების გარეშე დატოვება პრობლემაა. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება არანაირად საკმარისი არ არის. უნდა გადამოწმდეს, რომელ პაციენტთან ჰქონდა ამ ადამიანს აქამდე შეხება და არის თუ არა უსაფრთხოება დაცული. ჩემთან რომ ჰქონოდა შეხება, მე, როგორც პაციენტს, აუცილებლად გამიჩნდებოდა შიში, მე როცა არ ვიყავი ცნობიერ მდგომარეობაში, რამდენად დაცული იყო ჩემი უსაფრთხოება, ჩემი პირადი სივრცე. როცა მე ნარკოზის ქვეშ ვარ, არათუ სექსუალური ძალადობა, არაუფლებამოსილი შეხებაც კი დაუშვებელია, რომელიც სამედიცინო აუცილებლობით გამოწვეული არ არის და  მასზე მე ნებართვა გაცემული არ მაქვს.

იმ დროს, როცა მე წინააღმდეგობას ვერ ვუწევ, ვინმე რომ შემეხოს, ეს ძალიან სერიოზული დარღვევა იქნება და შეიძლება დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიძლება შეიცავდეს ეს ქმედება. ამიტომ, კლინიკას აქვს ახლა სერიოზული გამოწვევა და უნდა ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს და, ჩემი აზრით, აუცილებლად საჭიროა შიდა მოკვლევის დაწყება“, — უთხრა ანა არგანაშვილმა ნეტგაზეთს.

ანა არგანაშვილის თქმით, ანესთეზიის ქვეშ მყოფი პაციენტის დაცულობა პირველი პრიორიტეტია და როდესაც ადამიანი კლინიკაში მიდის, მას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ  ვიღაც მის უსაფრთხოებას და პირად სივრცეს დაარღვევს, როცა უმწეო მდგომარეობაშია.

ამიტომ, მისი თქმით, თუ კლინიკა არ დაიწყებს მოკვლევას, უფლებადამცველები სამედიცინო რეგულირების სააგენტოს  მიმართავენ.

„მოკვლევა აქვთ სასწრაფოდ ჩასატარებელი და ალბათ, ყველასთვის უნდა დაესწროთ განცხადების გაკეთება, რომ ამას ემიჯნებიან. ასევე, განცხადების გაკეთება უნდა დაესწრო პროფესიულ ასოციაციას, რომ ეს არის მიუღებელი ქცევა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის წახალისება.

თუ კლინიკა თვითონ ვერ ხვდება, რა უნდა გააკეთოს, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მივმართავთ. რეგულირების სააგენტოს მოუწევს შესვლა და მთელი დოკუმენტაციის შესწავლა იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდიც ეგ ადამიანი იქ მუშაობს. ასევე, აუცილებლად მოვითხოვთ, რით არის დაცული პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში ამ ქმედებისგან.

მაგალითად, კამერები არსებობს თუ არა, კეთდება თუ არა ჩანაწერები, ვის შეუძლია იმ პალატაში შესვლა, როცა პაციენტი ჯერ კიდევ ნარკოზის ქვეშაა და ხელმოწერები არსებობს თუ არა… ეს დაცვა აქამდეც უნდა არსებულიყო და ჩვენ გვაინტერესებს, არსებობს თუ არა და არის თუ არა ყველა ქალი დაცული“, – აცხადებს ანა არგანაშვილი.

რას ამბობენ ალადაშვილის კლინიკაში

ალადაშვილის კლინიკაში შიდა მოკვლევის დაწყების საჭიროებას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ თორნიკე გულისაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება და გამოსაცდელი ვადა მისცეს.

„ეს ვიდეო აღებულია. ამ თანამშრომელს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება და გამოსაცდელი ვადითაა დატოვებული. ჩვენ 500 თანამშრომელი გვყავს და ყველას ვერ მივადევნებთ თვალს, TikTok-ზე და FaceBook-ზე“ ვინ რას მოიმოქმედებს. ჩვენი მხრიდან რაც იყო საჭირო, ყველანაირი რეაგირება გვქონდა. მისი განყოფილების უშუალო ხელმძღვანელმა დაიბარა და გენერალური დირექტორიც ესაუბრა. თქვენც ნახავდით ვიდეოზე, რომ პატარა ბავშვია და არანაირი თანამდებობის მატარებელი ეგ არ არის“, — განუცხადეს ნეტგაზეთს ალადაშვილის კლინიკაში.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იმის გასაგებად, აპირებენ თუ არა აღნიშნულ შემთხვევაზე მოკვლევის დაწყებას. მათ პასუხს ველოდებით.

ნეტგაზეთმა ასევე სცადა დაკავშირება თავად თორნიკე გულისაშვილთან, თუმცა, უშედეგოდ. თუ მას მოუნდება კითხვებზე პასუხის გაცემა, ნეტგაზეთი მზად არის, მას დრო დაუთმოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი