საზოგადოება

საპატრიარქოს ტურიზმის დეპარტამენტი უარყოფს კავშირს ისრაელში თავშესაფრის მაძიებლებთან

12 აპრილი, 2010 • 1874
საპატრიარქოს ტურიზმის დეპარტამენტი უარყოფს კავშირს ისრაელში თავშესაფრის მაძიებლებთან

საპატრიაქროს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტი უარყოფს კავშირს 45 ქართველ მომლოცველთან, რომლებმაც 2010 წლის 11 აპრილს ისრაელის სახელმწიფოს თავშესაფარი სთხოვეს.

საპატრიაქროს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელი ნანა ბუაძე აცხადებს, რომ  ის 45 ადამიანი არ შედიოდა იმ მომლოცველთა ჯგუფში, რომლებიც საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტმა 2010  წელს ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე დასასწრებად  წაიყვანა ისრაელში.

 საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტს სპეციალური კრიტერიუმები აქვს „რელიგიური ტურისტების“ წასაყვანად. ბუაძის თქმითვე, ეს „სპეციფიური პუბლიკაა.“

„სპეციფიური პუბლიკა,“ ბუაძის თქმით, იგივე რელიგიური ტურისტებია. 

ამ ”პუბლიკას” იერუსალიმში წასასვლელად, პირველ რიგში, სჭირდება მოძღვრის წერილობითი რეკომენდაცია. მომლოცველი უნდა იყოს  „მორწმუნე,“ რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს  მონათლული  მართლმადიდებელი და „ცხოვრობდეს ეკლესიურად, ეზიარებოდეს.“  ფულადი შემოსავლის დასამტკიცებლად, ასევე საჭიროა საბუთი სამსახურიდან ხელფასის მითითებით.

 „დოკუმენტაცია სარწმუნოს ხდის ადამიანს, რომ რელიგიური ტურისტი ნამდვილად მომლოცველია, რომ ვინმემ  ეს ბოროტად არ გამოიყენოს”, -ამბობს ბუაძე.

ბუაძის თქმით, მომლოცველს მოგზაურობა იერუსალიმში 1600 დოლარი უჯდება. მიმლოცველები იერუსალიმში დიდ ხუთშაბათს მიდიან და არა მარტო იერუსალიმს მოილოცავენ, არამედ გალილეიშიც გადადიან.  რელიგიური ტურისტების მოგზაურობა შვიდი დღე და  ექვსი ღამე გრძელდება და მოიცავს წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ნახვასაც.

წელს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტმა  150–მდე  მომლოცველი წაიყვანა.  მომლოცველები სასტუმრო „იერუსალიმ გოლდში“ დარჩნენ.  ნაბა ბუაძე ამბობს, რომ მათი წაყვანილი 150 მომლოცველიდან უკლებლივ ყველა დაბრუნდა საქართველში და მათ არაფერი აქვთ საერთო  იმ 45 მომლოცველთან, რომლებმაც ისრაელის სახელმწიფოს თავშესაფარი სთხოვეს.

ბუაძე ფიქრობს, რომ მათ შეიძლება უბრალოდ ისარგებლეს  მომლოცველების სახელით, რადგან სხვა ტურისტულ სააგენტოებსაც გადაჰყავთ მომლოცველები.

ებრაული გამოცემა „ედიოტ ახრონოტის“ ინფორმაციით, ქართველი მომლოცველები ისრაელის სახელწიფოსგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ საქართველოში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

საქართველოს კონსული ისრაელში ირაკლი ადვაძე ხვალ შეხვდება ქართველ მოქალაქეებს იმის გასარკვევად, თუ რა გახდა თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიადგილის ნინო კალადაძის თმით, „დიდია ალბათობა, რომ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და მოხდება მათი დეპორტაცია.“

სანამ საემიგრაციო სამსახურს მიმართავდნენ,  ტურისტებმა სამი დღე გაატარეს ლოდში.  ვიზიტის ბოლო დღეს კი მათ  გიდს განუცხადეს, რომ  „დასასვენებლად“ დრო უნდოდათ, რომ უბრალოდ გაესეირნათ იერუსალიმში. გასეირნების ნაცვლად მომლოცველებმა ლოდის საემიგრაციო სამსახურს მიმართეს – იუწყება ებრაული გამოცემა.

ებრაული კანონის თანახმად, ტურისტებს უფლება აქვთ სამი თვის განმავლობაში დარჩნენ ისრაელში, სანამ ქვეყანა არ მოიკვლევს მაგათ საქმეს. ებრაული გამოცემა  ასევე აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა  ამ რაოდენობის მომლოცველებმა მიმართეს  თავშესაფრის მოთხოვნით ისრაელის საემიგრაციო სამსახურს.  

„45–მა ქართველმა გადაწყვიტა ისარგებლოს ისრაელის, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით თავისი მიზნების მისაღწევად“, – განახცადა ისრაელის ელჩმა საქართველოში იცხაკ გერბერგმა.

„მიზნებში“ გერბერგმა იგულისხმა ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქის ემიგრირების უფლება.

„არც ერთი რელიგიური ადამიანი, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს და ეზიარება, ამას არ გამოიყენებს ბოროტი მიზნებისთვის,“ – ამბობს  საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელი ნანა ბუაძე –  „ამით საფრთხეს უქმნის ყველა მომლოცველს, რომელიც შემდგომში უნდა წავიდეს იერუსალიმში.“

მასალების გადაბეჭდვის წესი