საზოგადოება

მზად ვართ, ბოსნიას და საქართველოს სტატუსი მივანიჭოთ რეფორმების შემდეგ — მიშელი

27 ივნისი, 2022 • 1978
მზად ვართ, ბოსნიას და საქართველოს სტატუსი მივანიჭოთ რეფორმების შემდეგ — მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა, ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები რეფორმებს განახორციელებენ.

„ეს ომი [უკრაინაში], ასევე, აყალიბებს ევროკავშირს. სულ რამდენიმე დღის წინ, ევროპული საბჭოს ბოლო შეხვედრაზე, ჩვენ შევთანხმდით უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ჩვენ მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს, მას შემდეგ, რაც რეფორმები განხორციელდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისა და ევროპის მომავლისთვის“, — განაცხადა შარლ მიშელმა გერმანიაში, G7 სამიტის წინ.

ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი თანმხლები პირობებით, საქართველოს კი — არა და სტატუსის მისაღებად წინაპირობები განუსაზღვრა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ აღიარა მათი ევროპული პერსპექტივა.

ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვოსთან ერთად, ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყანაა. ბოსნია და ჰერცეგოვინა დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირის წევრობის პოტენციურ კანდიდატად დასახელდა სალონიკის ევროპული საბჭოს სამიტზე 2003 წლის ივნისში. ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წლის თებერვალში გააკეთა. კომისიამ თავისი მოსაზრება განაცხადის შესახებ 2019 წლის მაისში გამოაქვეყნა და ბოსნია და ჰერცეგოვინას განუსაზღვრა 14 ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კუთხით. ბოსნია და ჰერცეგოვინას ეს პირობები ამ დრომდე არ აქვს შესრულებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი