საზოგადოება

“შინ ევროპისკენ” — პარლამენტთან აქცია დაიწყო

24 ივნისი, 2022 • 2155
“შინ ევროპისკენ” — პარლამენტთან აქცია დაიწყო

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სამოქალაქო მოძრაობების და არასამთავრობოების ორგანიზებით აქცია იმართება. როგორც დემონსტრაციის ორგანიზატორებმა დააანონსეს,  დღევანდელ აქციაზე ხელისუფლებას მოთხოვნებს წაუყენებენ.

“რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ჩვენ არ გვჯერა, რომ სიტყვის ერთგული იქნება, რადგან წლებია, ერთგულებას მხოლოდ ოლიგარქს უმტკიცებს.

მათ დაარღვიეს ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა, როცა ჩააგდეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი და დაარღვიეს ევროპისთვის მიცემული პირობა, როცა საბოტაჟი მოუწყვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით მიღებულ შეთანხმებას.

აქედან გამომდინარე, რეფორმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა”, — აღნიშნავენ აქციის “შინ ევროპისკენ” ორგანიზატორები.

აქცია რუსთაველის გამზირზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, სხვადასხვა შინაარსის პლაკატები. რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა.

გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორთა თქმით, “საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი