თბილისში ჩაიშალა ახალგაზრდული სკოლის სემინარი, რომელსაც, SOVA-ს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდი აფინანსებდა.
SOVA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მართავს ე.წ. ახალგაზრდულ სკოლას, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოში მცხოვრები რუსი ემიგრანტები, ასევე, რუსულად მოსაუბრე საქართველოს მოქალაქეები. SOVA-ს მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სასტუმროში, სადაც სემინარი მიმდინარეობდა, მედიის წარმომადგენლების მისვლის შემდეგ ღონისძიება ჩაიშალა.
გამოცემის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორებს შორის იყო საქართველოს რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ბეჟენცევი და ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი გულბაათ რცხილაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. SOVA-ს ინფორმაციით, ამ ღონისძიებისთვის თანხები გერმანული ბანკის მოსკოვის ფილიალის მეშვეობით რუსეთის თანამემამულეთა უფლებების მხარდაჭერისა და დაცვის ფონდმა ჩარიცხა.
რუსეთის თანამემამულეთა უფლებების მხარდაჭერისა და დაცვის ფონდი 2012 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნა და მისი დამფუძნებლები არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფედერალური სააგენტო Россотрудничество.
გულბაათ რცხილაძე „ნეტგაზეტთან“ საუბარში ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარი კავშირი არ აქვს ახალგაზრდულ სკოლასთან და ღონისძიების დამფინანსებელი საქართველოს რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ადგილობრივი ცენტრი იყო.
„ალექსანდრე ბეჟენცევი საქართველოს მოქალაქეა. ჩატარდა სემინარი. მე ვიყავი მიწვეული ლექტორი. ერთსაათიანი ლექცია წავიკითხე. მიმოვიხილე დიდი სამამულო ომის ისტორია. მერე ჩაუშლიათ, ფაქტობრივად, ეს ღონისძიება. ეს არის ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევა. ჩამოსულები იყვნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და არ მისცეს საშუალება, დასწრებოდნენ ლექციას. ეს არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე. იმედია, სახელმწიფო ამას ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს და საერთაშორისო ფორუმებზე გატანა არ მოგვიწევს“, — განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.
რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ცენტრი, რომლის დირექტორიცაა ალექსანდრე ბეჟენცევი, საქართველოს საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებულია 2014 წელს. ის არის საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს (КСОРСГ) წევრი ორგანიზაცია. თავად КСОРСГ-ის პარტნიორებს შორის, ოფიციალური საიტის თანახმად, არის რუსეთის თანამემამულეთა უფლებების მხარდაჭერისა და დაცვის ფონდი, რომელსაც SOVA ღონისძიების დამფინანსებლად ასახელებს.
ალექსანდრე ბეჟენცევი რუს თანამემამულეთა საერთაშორისო საბჭოს დაჯილდოებული ჰყავს „რუსული სამყაროს ერთიანობაში შეტანილი წვლილისთვის“.
