საზოგადოება

ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად

8 აპრილი, 2010 • 2170
ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად

უცნობია, ვინ დააფინანსებს საგანმანათლებლო პროგრამას „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად,“  რომლის მიზანი ქართველ მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით სექტემბრიდან საქართველოს ყველა სკოლაში იმუშავებს ინგლისური ენის მაწავლებელი, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნიდან იქნება.

სიმონ ჯანაშია, ილიას  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,  ამბობს, რომ ადვილად შეიძლებოდა მისი ჩანაცვლება ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებითაც.

პროექტის კოორდინატორი მაია სიფრაშვილი პროფესიით ლინგვისტია. მისი აზრით, ენის შესწავლაში ერთ-ერთი მთავარი დამხმარე ფაქტორი მისი საკომუნიკაციოდ გამოყენებაა. ინგლისურ ენაზე მოსაუბრე მოხალისეების ჩამოყვანა კი დაეხმარება მოსწავლეებს ენა “ცოცხლად” გამოიყენონ.

პროგრამის კოორდინატორი მაია სიფრაშვილი ამბობს, რომ პროგრამას საქართველოს განათლების სამინისტრო არ აფინანსებს, თუმცა თავს იკავებს დამფინანსებელი დონორების დასახელებისგან.

„ასეთი პროგრამის დაფინანსება საჯარო უნდა იყო იმისგან დამოუკიდებლად, ფინანსდება თუ არა ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, „ ამბობს საიას იურისტი თამარ გურჩიანი.

პროგრამა „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის პირველ  მარტს დაიწყო.  პროექტის ფარგლებში, საქართველოში ათასი მოხალისე ჩამოვა, რომლებიც ქართველ მასწავლებლებთან ერთად, მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნას გააუმჯობესებს. 

პროგრამის მოხალისეების შერჩევის კრიტერიუმებით არ არის აუცილებელი, რომ მოხალისეები პროფესიით მასწავლებლები იყონ. 

სიმონ ჯანაშიას თქმით, ერთ-ერთი რისკი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს პროგრამის დროს, არის კონფლიქტი მასწავლებლებსა და მოხალისეებს შორის.

„შეიძლება მასწავლებელი ფიქრობდეს, რომ  მას თვითონაც კარგად შეუძლია სწავლება,“ ამბობს ჯანაშია. „ამ დროს, სახელწიფო მათ უებნება: ‘შენ სულაც არ ასწავლი კარგად და ახლა მე შენ ჩამოგიყვან ვიღაცას,’ ვისაც შეიძლება სულაც არა აქვს გამოცდილება. „

პროგრამის კოორდინატორის მაია სიფრაშვილის თქმით, პროგრამის მიზანი სულაც არ არის ქართველი მასწავლებლების დისკრედიტაცია.

 „პირიქით – ჩვენ არ ვთვლით, რომ ჩვენი მასწავლებლების დონე დაბალია,  ჩვენ ჩვენი მასწავლებლების ცოდნასა და დონეს საკმაოდ ვაფასებთ.“

მეორე რისკი, სინომ ჯანაშიას თქმით, არის მოხალისეების ინტერესები და საქართველოში ჩამოსვლის მოტივაცია. ზოგი მოხალისე, ჯანაშიას თქმით, შეიძლება, უბრალოდ, თავგადასავლების საძიებლად ჩამოვიდეს საქართველოში და არა იმიტომ, რომ სწავლების უნარ-ჩვევების განვითარება სურს.

მოხალისეების მოტივაციის დადგენა სააპლიკაციო ფორმის მიხედვით დგინდება. მაია სიფრაშვილი ამბობს, რომ  მას ყოველდღიური მიმოწერა აქვს აპლიკანტებთან. მათი რიცხვი დღეს სამოცამდეა (აპლიკაციების შევსება პირველ მარტს დიწყო). სიფრაშვილის თქმით,  ერთ–ერთი  აპლიკანტის მოტივაცია აჭარის საკურორტო ზონით დაინტერესება იყო, რის გამოც პროექტი შეიძლება აჭარაში დაიწყოს.

„ზოგი შეიძლება იმიტომ მოდის, რომ მისი შეყვარებული ჩამოვიდა საქართველოში და მას ჩამოჰყვეს,“ ამბობს სიმონ ჯანაშია.

ზოგ მოხალისეს კი შეიძლება საერთოდ არ მოუნდეს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან საქართველო მოაზრება არც ისე უსაფრთხო რეგიონად არსებული კონფლიქტების გამო.

რამდენად გაითვალისწინეს ეს რისკები პროექტის დამფინანსებელმა დონორებმა, უცნობია. თუმცა, მაია სიფრაშვილის თქმით, მათ ჯერ ეს თანხა არ გამოურიცხავთ, პროცესი ჯერ კიდევ მოლაპარაკების ეტაპზეა.

პროგრამა ორ წელს გაგრძელდება. კოორდატორის თქმით,  ისინი შეეცდებიან გაამართლონ პრეზიდენტის სიტყვა და პროგრამამ მოიცვას საქართველოში  არსებული ყველა  საჯარო სკოლა.  

პროექტის გათვლებით, ყოველ მოხალისეს თვეში 300 დოლარი დაერიცხება. ორწლიანი პროგრამის განმავლობაში, ეს უხეში გამოთვლებით, 5 მილიონ დოლარს აჭარბებს. 

“დონორები ფულს მაშინ გადმორიცხავენ, როცა პირველი მოხალისე დადგამს ფეხს საქართველოს ტერიტორიაზე,” ამბობს მაია სიფრაშვილი, პროექტის კოორდინატორი.

პირველი ასეთი მოხალისე საქართველოში ფეხს ივლისში დადგამს. მოხალისეებს მოსწავლეების მშობლები უმასპინძლებენ.

ამავე თემაზე:

სიმონ ჯანაშია ინგლისურის სწავლების ახალ ინიციატივაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი